შვილის დაპატიმრებით გამოწვეული თვითმკვლელობა – გარდაცვლილის შვილი იტალიის სასამართლომ გაათავისუფლა

46 წლის თეა ნიკოლაიშვილი, რომელმაც იტალიაში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, საქართველოში დღეს ჩამოასვენეს. თეა ნოკოლაიშვილის ცხედარი დაახლოებით ერთი საათის წინ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოხეთაში, ძმის სახლში მიასვენეს. გარდაცვლილის ნათესავებს ცხედრის საქართველოში გადმოსვენებაში ქართული მხარე დაეხმარა და ფინანსური ხარჯები მთლიანად სახელმწიფომ დაფარა.
დაახლოებით, 10 დღის წინ, ტარანტოს პროვინციაში, ქალაქ მარტინა ფრანკოში, ქართველმა ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. როგორც „კვირასთვის“ გახდა ცნობილი, თეა ნიკოლაიშვილი მე-4 სართულიდან გადმოხტა და იქვე გარდაიცვალა. გარდაცვლილს ჯიბეში ორი წერილი აღმოაჩნდა. ერთ-ერთი, თვითმკვლელობამდე, დედამ შვილს დაუტოვა. იმ დღეს, 20 წლის ლელა ღ-შვილი საპატიმროში იყო. ის იტალიელმა სამართალდამცველებმა მოხუცის გაძარცვის ბრალდებით დააკავეს. იტალიაში მყოფი ქართველი ემიგრანტების ინფორმაციით, დედამ შვილის დაპატიმრებით გამოწვეულ სტრესს ვერ გაუძლო და თავი მოიკლა.

იტალიური მედიის ინფორმაციით, 20 წლის გოგომ ის მოხუცი გაქურდა, სადაც თავად მუშაობდა და სახლიდან მამაკაცის დანაზოგი 60 000 ევრო მოიპარა. დღეს უკვე ცნობილი ხდება, რომ შვილი, რომელიც დედის თვითმკვლელობის მიზეზი გახდა, საპატიმროდან გათავისუფლებულია და როგორც არალეგალი, სადეპორტო განყოფილებაშია გადაყვანილი. კანონით გათვალისწინებული პროცედურების შემდეგ, სავარაუდოდ, ლელა ღ-შვილიც საქართველოში უნდა დაბრუნდეს.

„იტალიაში გარდაცვლილი ქალბატონის, თეა ნიკოლაიშვილის ცხედარი დღეს ოჯახმა საქართველოში მიიღო. ასოციაციის სახელით, სამძიმარს ვუცხადებ, კიდევ ერთხელ, გარდაცვლილის ოჯახს. აქვე მინდა, პასუხი გავცე იმ ადამიანებს, რომელთა ინტერესი არ ცხრება და ისევ მიმდინარეობს ათასნაირი ინფორმაციის მცდარი ინტერპრეტაცია. დაკავებული გოგონა გუშინ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, გათავისუფლებულ იქნა და საღამოს საათებში მან საპატიმრო დატოვა. მაგრამ იმის გამო, რომ იტალიის ტერიტორიაზე არალეგალურად იმყოფება, გადაყვანილია სადეპორტოში, კანონით გათვალისწინებული პროცედურების გავლისთვის. უბრალოდ, თხოვნაა, ახლა მაინც შევიკავოთ თავი“, – წერს სასამართლოს მედიატორი და თარჯიმანი ნინა რურუა სოციალურ ქსელში.
თეა ნიკოლაიშვილის ცხოვრების ტრაგიკული ისტორია ჯერ კიდევ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს დაიწყო. ის გვიან გათხოვდა და ოჯახი მამუკა ღ-შვილთან შექმნა. ცოლ-ქმარს გოგონა შეეძინათ. თეამ შვილს, დედის პატივსაცემად, ლელა დაარქვა.
მოულოდნელად, ახალგაზრდა ქალის ქმარი 2006 წელს ციხეში აღმოჩნდა. დედას ერთადერთი შვილის გაზრდაში ნათესავები და ახლობლები ეხმარებოდნენ. მეუღლე – მამუკა ღ-შვილი 2006 წლის 27 მარტს, ორთაჭალის მე-5 საპყრობილეში, ციხის ბუნტის დროს გარდაიცვალა. ქვრივი იძულებული იყო, ბათუმიდან იტალიაში სამუშაოდ წასულიყო. იქ ძიძად მუშაობდა. რამდენიმე წლის შემდეგ, თეა ნიკოლაიშვილმა შვილიც იტალიაში წაიყვანა და ორივე ერთად მუშაობდა.
დედა-შვილის ურთიერთობა მაისის შუა რიცხვებში ტრაგიკულად დასრულდა, როდესაც იტალიურმა გამოცემამ, 18 მაისს, 20 წლის გოგონას დაკავებისა და 46 წლის ქალის თვითმკვლელობის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. მედიის ინფორმაციით, 20 წლის ქართველმა ახალგაზრდამ მოპარული თანხა – 60 000 ევრო საქართველოში გადმორიცხა, თუმცა საბანკო გადმორიცხვა ბოლომდე ვერ შესრულდა. „კვირას“ ინფორმაციით, აღნიშნული თანხა იტალიაში მოხუცს დაუბრუნდა. სავარაუდოდ, სწორედ ამ ფაქტის შემდეგ, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თვითმკვლელი ქალის შვილი საპატიმროდან გაეთავისუფლებინა.
აღნიშნული ინფორმაცია “კვირას”, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მაჟორიტარმა დეპუტატმაც დაუდასტურა. მისი თქმით, თეა ნიკოლაიშვილს მოთმინება რომ შეენაჩუნებინა და სასამართლოს  შედეგს დალოდებოდა, ეს ტრაგედია აღარ მოხდებოდა.
თეა ნიკოლაიშვილის შესახებ, მისი ნათესავი ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ.
„მიუხედავად იმისა, რომ ცხელი ზაფხულის დღეები იდგა, ზემოხეთის თითქმის ყველა სახლის ბუხრიდან კვამლი ამოდიოდა. სოფლის ცენტრში, ორსართულიან სახლში, ბებია ვენერა და ბაბუა გიორგი ცხოვრობდნენ. წითელი ფერის ავტობუსმა სოფელში, როგორც იქნა, მიაღწია და სახლთან ახლოს გაგვიჩერა. ასე იყო დაახლოებით 10 წლის განმავლობაში… ყოველ ზაფხულს, სასკოლო არდადეგებზე, ზემოხეთის დამსვენებლები ვიყავით. ეს იყო ის დღეები, რომლებიც ცხოვრების ბოლომდე უნდა ახსოვდეს ადამიანს და ალბათ, ასეც არის. ბებია და ბაბუა ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ შვილიშვილებს არაფერი მოკლებოდათ… ჩვენს სახლთან ახლოს თეკია დედასთან, ლეილასთან ახლოს ცხოვრობდა… თეკიას ძმა ხან თბილისში ცხოვრობდა, ხან სოფელში. მოკლედ, სოფელში ყველაზე მეტად ეს ოჯახი იყო ახლოს. ზრდიდა ქვრივი ლეილა ერთ გოგოს და არაფერი აკლებდა. ცისფერთვალება თეკიას ხშირად ადარებდნენ მარიტას… მისი ღიმილი ბუნებრივი და თბილი იყო.
ამოდიოდა ბუხრიდან კვამლი და მიდიოდა ცხოვრება… ჯერ ბაბუა გარდაიცვალა, შემდეგ ლეილა და შემდეგ ბებიაჩემი ვენერა. ბაბუაჩემის გარდაცვალების შემდეგ, არც თუ დიდი ხნის შემდეგ, თეკია დაოჯახდა. მთელი სოფელი ხარობდა და ულოცავდნენ გაბედნიერებას. ყველაზე მეტად ლეილას უხაროდა ეს ამბავი. შემდეგ კიდევ ერთი სასიხარულო და ერთი სამწუხარო ამბავი ერთდროულად გავრცელდა სოფელში. ლელა დაიბადა და ლეილა გარდაიცვალა. ამის შემდეგ რა მოხდა? თეკია და მისი ქმარი – მამუკა დაშორდნენ ერთმანეთს. მერე თეკიას ყოფილი ქმარი ციხეში ბუნტის დროს დაიღუპა…
რა მოკლედ ვწერ ამ ყველაფერს, მაგრამ ერთი დიდი, გრძელი ამბავია. შემდეგ თეკია ზრდიდა ლელას. ბებიაჩემმაც თავისი წვლილი შეიტანა მის გაზრდაში. არამარტო ბებიაჩემმა, მთელი სოფელი და საახლობლო ეხმარებოდა ლელას გაზრდაში. ბოლო წლებში, თეკია დეიდამისთან, ამალიასთან ბათუმში ცხოვრობდა, ლელაც იქ იყო და იზრდებოდა, სწავლობდა. თეა ერთი პერიოდში მუშაობდა ძიძად და შემდეგ ისევ საქართველოში დაბრუნდა. საქართველოდან იტალიაში… იტალიიდან ისევ საქართველოში ბრუნდება, მაგრამ…. მისი სიცოცხლე 46 წლის ასაკში შეწყდა…
სოფლის ცენტრში ისევ დგას ორსათულიანი სახლი. კვამლი არც ისე ხშირად ამოდის ბუხრიდან. იმ სახლში თეკიას ელოდებიან“, – წერს გიორგი გირკელიძე.
თეა ნიკოლაიშვილს, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზემოხეთაში მომავალ კვირას დაკრძალავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები