გიორგი მარგველაშვილი: ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც ნათლად განსაზღვრა თავისი მომავალი და განსაზღვრა გზა ამ მომავლის უზრუნველსაყოფად

„ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც ნათლად განსაზღვრა თავისი მომავალი და განსაზღვრა გზა ამ მომავლის უზრუნველსაყოფად“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მრგვალ მაგიდაზე – „თანამშრომლობა კეთილდღეობისთვის – მომავალი ასწლეულის სტრატეგია“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ყველა ხელისუფლება, რომელიც არსებობდა და ფუნქციონირებდა საქართველოში დამოუკიდებლობის შემდეგ, იყო პროდასავლური, პროევროპული კურსის მომხრე.

“დღევანდელი საზეიმო შეხვედრა განსაკუთრებული ემოციით მიმდინარეობს. ის მხარდაჭერა, რაც დღეს საქართველოს აქვს, არის მართლაც უპრეცენდენტო. ის საერთაშორისო მხარდაჭერა, რასაც ჩვენს დედაქალაქში ვხედავთ, ნათლად ასახავს როგორც ჩვენი ქვეყნის პროგრესს, ჩვენი მეგობრებისა და მეზობლების მიმართულებით, ასევე, მეგობარი ქვეყნების მტკიცე ხედვასა და გვერდში დგომას ჩვენი ქვეყნის მიმართ.

ჩვენ საგანგებო საკითხზე შევიკრიბეთ, დღეს აღვნიშნავთ 100 წელს ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენიდან. 100 წლის წინ, ჩვენმა წინაპრებმა რუსეთის იმპერიის დანგრევის შემდეგ, შეძლეს აღედგინათ ნანატრი სახელმწიფოებრიობა და მინდა ხაზი გავუსვა, რომ ის, როგორც მათ ახალი ქვეყნის შენება დაიწყეს, იყო გაგრძელება იმ ისტორიული არჩევანისა, რომელიც ჩვენს ერს საუკუნეების განმავლობაში გაუკეთებია. ეს ისტორიული არჩევანი იყო ორიენტირებული დასავლურ ღირებულებებზე, დასავლური სახელმწიფოს მოწყობის წესზე და მიზნად ისახავდა თავისუფალი, დამოუკიდებელი რესპუბლიკის აშენებას. ამ რესპუბლიკაში მაშინდელი სტანდარტების მიხედვით, ძალიან მაღალი სტანდარტით იყო დაცული როგორც უმცირესობების უფლებები, ასევე, პოლიტიკური სტაბილობის და პოლიტიკური ბალანსის პრინციპები.

თუმცა ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ისტორია ძალიან დრამატულად განვითარდა – პირველი რესპუბლიკის არსებობა სულ სამი წელი გაგრძელდა და საბჭოთა არმიამ ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია ხელახლა მოახდინა. იმის მერე, 70 წლის განმავლობაში, ჩვენი ქვეყანა იბრძოდა და ნატრობდა იმას, რომ დამოუკიდებლობა ხელახლა აღედგინა და საბჭოთა კავშირის შემდეგ, ის აღვადგინეთ, თუმცა ჩვენ წინაშე საბჭოთა კავშირის დანგრევისთანავე, გაჩნდა ახალი პრობლემები, რომელიც მოდიოდა ძველი მისამართიდან და ეს მისამართი იყო მოსკოვი. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე მომენტიდან დაიწყო ჰიბრიდული ომი, ხოლო 2008 წელს ამ ომმა მიიღო ახალი ფორმა და საქართველოს რეგიონების ოკუპაცია უკვე მოახდინა რეგულარულმა რუსულმა არმიამ“, – აღნიშნა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, დღეს მეგობარი ქვეყნების ლიდერების ყოფნა თბილისში იძლევა გარანტიას, რომ საქართველოს მიერ არჩეული გზა წარმატებით იქნება გავლილი.

“დღეს, როცა ჩვენ ვდგავართ მშვიდობიანი, სტაბილური ევროპის მშენებლობის საკითხის პირისპირ, უნდა გავიაზროთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა, მისი სტაბილურობა, სუვერენიტეტი და უსაფრთხოება არის წინაპირობა რეგიონული და ევროპული უსაფრთხოებისა და სტაბილურობისა. ამ არჩევანს ჩემი ქვეყანა ემსახურება სრული თავდადებით. ყველა ხელისუფლება, რომელიც არსებობდა და ფუნქციონირებდა საქართველოში, დამოუკიდებლობის შემდეგ, იყო პროდასავლური, პროევროპული კურსის მომხრე. მთელი იმ გასაჭირის პარალელურად, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ გაიარა, ჩვენ ვართ ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა დემოკრატიული პროცესის გაღრმავების თვალსაზრისით. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის, ჩვენი მოკავშირეების გვერდით ვდგავართ წლების განმვლობაში. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც ნათლად განსაზღვრა თავისი მომავალი და განსაზღვრა გზა ამ მომავლის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები