პოლონეთის პრეზიდენტი: საქართველო არასოდეს შეურიგდება იმას, რომ სუვერენული სახელმწიფოს საზღვრები დაირღვეს და ამით დაირღვეს საერთაშორისო კანონმდებლობა

„საქართველო არასოდეს შეურიგდება იმას, რომ სუვერენული სახელმწიფოს საზღვრები დაირღვეს და ამით დაირღვეს საერთაშორისო კანონმდებლობა“, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ განაცხადა.
პოლონეთის პრეზიდენტმა თავისუფლების მოედანზე, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს და დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებაზე, ქართველებს დღევანდელი დღე მიულოცა.
“მიხარია, რომ თქვენ შორის ვიმყოფები დღეს თბილისში, რათა ვიზეიმო პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სტატუსით და მოგილოცოთ პირველი ქართული დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნა. საქართველო არის პოლონეთის მოძმე ქვეყანა, ჩვენ დაკავშირებული ვართ ერთმანეთთან სიყვარულით, მეგობრობით და თანამშრომლობით. ჩვენც და თქვენც ვიბრძოდით, მრავალი საუკუნის მანძილზე, იმისთვის, მიგვეღწია თვითგამორკვევისთვის. დამოუკიდებლობა ჩვენი სამშობლოებისთვის ყველაზე უფრო დიდი ღირებულებაა. ჩვენ გამოვცადეთ თითქმის ერთნაირი სიმწარე საუკუნეების მანძილზე და საქართველო გამორჩეულია რეგიონის ქვეყნებს შორის, თავისი თავდადებით და ერთგულებით სუვერენობისა და თავისუფლებისადმი. ის არასოდეს არ შეურიგდება იმას, რომ სუვერენული სახელმწიფოს საზღვრები დაირღვეს და ამით დაირღვეს საერთაშორისო კანონმდებლობა. საქართველოს გააჩნია საერთაშორისო კანონმდებლობის პატივისცემა, ეს გახლავთ საფუძველი მშვიდობის შენარჩუნებისა მთელ ევროპაში. გამოწვევები კვლავ ელის საქართველოს, მაგრამ ჩვენ თქვენთან ერთად ვართ, სოლიდარობის სულისკვეთებით განმსჭვალულნი“, – განაცხადა დუდამ.
პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებით, გარდაცვლილი პრეზიდენტი – ლეხ კაჩინსკი მუდმივად საქართველოს გვერდით იდგა, რათა რეგიონის სხვა ხელმძღვანელებთან ერთად, პროტესტი გამოეთქვა აგრესიის წინააღმდეგ.
„ საქართველოს აქვს უფლება, იყოს დამოუკიდებელი, იცხოვროს მშვიდობიან გარემოში და იაროს ინტეგრაციის გზით. პოლონეთი მუდმივად უჭერს მხარს საქართველოს მცდელობას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მოპოვების გზაზე. შეუძლებელია, რომ ამაში ვინმემ ეჭვი შეიტანოს. საქართველოსთვის ნატოს კარი ღიაა, ვინაიდან საქართველო იზიარებს იმ ღირებულებებს, რომელსაც საერთოდ, ევროპული საზოგადოება ეყრდნობა. გილოცავთ და გისურვებთ შემდგომ განვითარებას. არ მინდა ვინმე შეეხოს და შებღალოს საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის სახელი“, – განაცხადა დუდამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები