საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავის იუბილეს აღსანიშნავად, სლოვენიაში, ლიუბლიანას ციხესიმაგრე საქართველოს დროშის ფერებში განათდა

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავის იუბილეს აღსანიშნავად, სლოვენიაში, ლიუბლიანას ციხესიმაგრე საქართველოს დროშის ფერებში განათდა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, საქართველოს დროშის ფერებში განათდება ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობები. თურქეთში, ქალაქ ანკარაში სასტუმრო შერატონის შენობა; ლიეტუვაში, ვილნიუსის ცენტრალური ხიდი და ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა – სამი ჯვრის მონუმენტი. ასევე, განათებული იქნება კორეაში, სეულის მუნიციპალიტეტი, პორტუგალიაში ლისაბონის მერიის და ესტონეთში საქართველოს საელჩოს შენობები.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, საქართველოს დროშები აღიმართება ესტონეთის ქალაქებში ტარტუს, პიარნუსა, ვილაინდის ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ, ხოლო ტალინის საზოგადოებრივ ტრანსპორტზე დამონტაჟდება საქართველოს დროშები. საქართველოს ეროვნული სიმბოლო გამოფენილი იქნება ირლანდიაშიც, დუბლინის ცენტრში, კანადაში, ოტავას მერიის შენობაზე და სხვა ცენტრალურ შენობებზე.
საიუბილეო თარიღს აღნიშნავენ ლატვიაში, სადაც რიგაში, საქართველოს საელჩოს შენობის წინ, მოლზე განთავსდება საქართველოს დროშის ამსახველი ყვავილების კომპოზიცია. მოლოცვებს შეუერთდება ლიტვაც, სადაც ქალაქ ვილნიუსის თბილისის სახელობის სკვერში განთავსდება ე.წ. ჰაშტაგ მონუმენტი (GAMARJOBA), რაც საქართველოსა და ქართული ენის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. ასევე, უკვე ტრადიციულად, ქართული ჩოხით შეიმოსება ბელგიაში ბრიუსელის სიმბოლო Manneken-Pis და ბრიუსელის ქართული ეკლესიის მგალობელთა გუნდის მიერ შესრულდება საქართველოს ჰიმნი.
საიუბილეო თარიღის შესახებ ინფორმაცია და ვიდეორგოლები მთელი დღის განმავლობაში იტრიალებს ტალინის, კიშინიოვსა და სხვა დედაქალაქების ცენტრალურ მოედნებზე განთავსებულ ბილბორდებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები