გიორგი მარგველაშვილი: ეკონომიკური და ბიზნესის კეთების პარამეტრებით, ჩვენ მართლაც ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა ვართ

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა კრინიცას ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, განაცხადა, რომ საქართველო, ეკონომიკური პარამეტრებით, ბიზნესის კეთების პარამეტრით, მართლაც ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა. როგორც მან აღნიშნა, ის მოხარულია, რომ ამ დონის ფორუმი საქართველოში იმართება.
„მოგესალმებით, ბატონო პრეზიდენტო დუდა, ბატონო პრეზიდენტო კისკა, ბატონო პრემიერ -მინისტრო, პატივცემულო საზოგადოება. არ შემიძლია, არ დავიწყო ემოციური ნაწილით, იმიტომ, რომ დღეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ჩვენთვის ყველასთვის მნიშვნელოვანი დღეა. და ეს მნიშვნელოვანი დღე და მნიშვნელოვანი დილა იწყება ჩემს ორ საყვარელ და ახლო მეგობართან, საქართველოს მეგობრებთან – პრეზიდენტ დუდასთან და პრეზიდენტ კისკასთან ერთად. ეს ძალიან სიმბოლურია ჩემთვის, იმიტომ, რომ ეს ორი ადამიანი, რომელიც საქართველოს თემას და საქართველოს ინტერესებს ძალიან მტკიცედ იცავდა და იცავს ბევრ საერთაშორისო ფორმატში, ბევრ მნიშვნელოვან კონტექსტში და ძალიან ამაღელვებელია, რომ ეს დღე ჩემს მეგობრებთან ერთად დაიწყო.
მე მადლობა მინდა ვუთხრა მათ. მე მახსოვს, როდესაც ჩვენ ვიყავით, ერთი წლის წინ, კრინიცაში, საოცარი გარემო იყო მაშინ. მაშინ მე და პრეზიდენტი დუდა შევხვდით, იქ ერთად ვიყავით პანელზე და ჩვენი ოცნება იყო, რომ ეს უმნიშვნელოვანესი ფორმატი, ეს სიკეთე, ისევე, როგორც ბევრი სხვა რამ, რატომ არ შეიძლებოდა ჩვენთვის ყოფილიყო გაზიარებული და რეალურად, ასეც მოხდა“, – განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.
მან მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას, რომ აქტიურად ჩაერთო ამ პროცესში, ასევე, პოლონეთის აღმოსავლეთის კვლევის ინსტიტუტს და საქართველოს სავაჭრო პალატას, იმ ჯგუფებს, რომლებმაც შესაძლებელი გახადეს, ეს უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო და ეკონომიკური ღონისძიება გამართულიყო თბილისში.
„უაღრესად დროულია ამ თავყრილობის საქართველოში გამართვა. ძალიან დიდი პოტენციალი არის ჩვენს ქვეყანაში. რეალურად, აღმოსავლეთ, დასავლეთ ეკონომიკურ პროცესში საქართველო სულ უფრო იმკვიდრებს პრინციპულ და მნიშვნელოვან როლს. იქნება ეს ენერგომატარებლების გატანა და პროექტები, რომლებიც ევროპაში დამთავრდება მომავალ წელს და ევროპის ენერგოუსაფრთხოების ნაწილი გახდება. იქნება ეს სავაჭრო გზები, რომლებიც სწორედ საქართველოს მეშვეობით და საქართველოს გავლით, ევროპულ და აზიურ ბაზრებს ერთმანეთს ახვედრებს. იქნება ეს ის, რომ შავი ზღვა აღმოსავლეთის ზღვის არმქონე ეკონომიკებისთვის ხდება სწორედ ის ადგილი, საიდანაც ისინი გაიტანენ თავიანთ პროდუქტებს, თუ იქნება ეს ის ეკონომიკური გარემო, რომელიც შეიქმნა ჩვენს ქვეყანაში.
ჩვენ დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკონომიკური პარამეტრებით, ბიზნესის კეთების პარამეტრით, ბიზნესის კეთების სიიოლის პარამეტრით, ჩვენ მართლაც ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა ვართ. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ დღეს, რომ სწორი პოლიტიკის კეთების შედეგად, რომელიც ამ მიმართულებით ტარდებოდა, საქართველში ინვესტირება გულისხმობს ინვესტირებას არა მცირე ბაზარზე, დავუშვათ, 3-მილიონიან ან სამმილიონ-ნახევრიან ბაზარზე, (არამედ ფაქტიურად იმ ღია და ლიბერალური პოლიტიკის შედეგად, რომელმაც შედეგად მოგვიტანა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები), საქართველოში ინვესტირების შედეგად, ბიზნესმენი გადის 2 მილიარდზე დიდ ბაზრებზე და ისეთ ძლიერ ბაზრებზე, როგორიც არის ევროკავშირი, როგორიც არის ჩინეთი, როგორიც არის თურქეთი და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები. ეს დიდი გახსნილობა, დიდი პოტენციალია“, – განაცხადა მარგველაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები