პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის საიუბილეო თარიღი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნაში საზეიმოდ აღინიშნება

2018 წელს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის საიუბილეო თარიღი საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს წარმომადგენლობების ჩართულობით, მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება. პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილია საქართველოს შესახებ 100-ზე მეტი კულტურული ღონისძიება, სამეცნიერო კონფერენცია, საჯარო ლექციათა ციკლი და საგაზეთო სტატია. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები, მთელი წლის განმავლობაში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოაწყობენ პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკასთან დაკავშირებულ ისტორიულ ფოტოგამოფენებს, საქართველოს კულტურის, ტრადიციებისა და დემოკრატიული განვითარების ამსახველ ღონისძიებებს.
პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს აღნიშნავს საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორა, მათი მონაწილეობით, ასევე იგეგმება სხვადასხვა სახის კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებების გამართვა.
საქართველოს ისტორიის და კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, კულტურულ – შემეცნებითი ღონისძიებების ციკლი მთელი წლის განმავლობაში გასტანს, თუმცა განსაკუთრებული ინტენსივობით მაისი თვე გამოირჩევა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, საქართველოს დროშის ფერებში განათდება მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობები. სლოვენიაში, საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებში განათდება ლიუბლიანას ციხე-სიმაგრე; თურქეთში, ქალაქ ანკარაში ე.წ. “ანკარის ტყუპი ცათამბჯენი”; ლიტვაში, ვილნიუსის ცენტრალური ხიდი და ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა – სამი ჯვრის მონუმენტი. საქართველოს საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, საქართველოს დროშები აღიმართება ესტონეთის ქალაქებში, ტარტუს, პიარნუსა, ვილაინდის ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ, ხოლო ტალინის საზოგადოებრივ ტრანსპორტზე დამონტაჟდება საქართველოს დროშები. საქართველოს ეროვნული სიმბოლო გამოფენილი იქნება ირლანდიაშიც დუბლინის ცენტრში, კანადაში ოატავას მერიის შენობაზე და სხვა ცენტრალურ შენობებზე. საიუბილეო თარიღს აღნიშნავენ ლატვიაში, სადაც რიგაში, საქართველოს საელჩოს შენობის წინ მოლზე განთავსდება საქართველოს დროშის ამსახველი ყავავილების კომპოზიცია. მოლოცვებს შეურთდება ლიტვაც, სადაც ქალაქ ვილნიუსის თბილისს სახელობის სკვერში განთავსდება ე.წ. ჰაშტაგ მონუმენტი (GAMARJOBA), რაც საქართველოს და ქართული ენის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.
ასევე, უკვე ტრადიციულად, ქართული ჩოხით შეიმოსება ბელგიაში ბრიუსელის სიმბოლო Manneken-Pis და ბრიუსელის ქართული ეკლესიის მგალობელთა გუნდის მიერ შესრულდება საქართველოს ჰიმნი.
საიუბილეო თარიღის შესახებ ინფორმაცია და ვიდეორგოლები მთელი დღის განმავლობაში იტრიალებს ტალინის, კიშინიოვისა და სხვა დედაქალაქების ცენტრალურ მოედნებზე განთავსებულ ბილბორდებზე.
საჯარო საზეიმო ღონისძიებების პარალელურად, ხორციელდება მთელი რიგი შემეცნებითი და საგანმანათლებლო ღონისძიებები, ჩატარდება კონფერენციები და მიღებები ადგილობრივი სახელმწიფო სტრუქტურების, დიპლომატიური კორპუსის, ანალიტიკური წრეების და დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის.
26 მაისი – საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში ევროპის საბჭოში, გაიმართება სახელოვანი ქართველი მეცნიერის, ერთიანი ევროპის იდეას ერთ-ერთი ფუძემდებლის, მიხეილ მუსხელისადმი (მიშელ მუსხელი 1903-1964) მიძღვნილი ღონისძიება. მიღებაზე წარმოდგენილი იქნება საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით მოძიებული აქამდე უცნობი უნიკალური მასალა ამ უმნიშვნელოვანესი პიროვნების შესახებ.
პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებები 26 მაისის შემდეგაც გაგრძელდება.
4 ივნისი – პარიზში,UNESCO-ს სათაო ოფისში ქართველი პიანისტის, UNESCO-ს მშვიდობის ელჩის ელისო ბოლქვაძისა და ანსამბლ “ბასიანის” ერთობლივი კონცერტი გაიმართება;
17 ოქტომბერი- ელისო ბოლქვაძის სოლო კონცერტი გაიმართება ასევე ბრატისლავაში;
16 ივნისი – ლევილის ქართულ მამულში გაიმართება დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიება და სიმბოლურად ჩაეყრება საფუძველი სამეცნიერო კულტურული ცენტრის საძირკველს. ლევილის მამულის ბაზაზე მოეწყობა პირველი რესპუბლიკის ისტორიული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრი, ლევილის ქართული აკადემია, რაც ლევილს ევროპაში ქართული კულტურის მნიშვნელოვან კერად აქცევს.
1 ოქტომბერი – ვენის ხელოვნების მუზეუმ “Albertina”-ში გაიხსნება ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა, რომელიც 2019 წლის პირველ იანვრამდე გასტანს.
აღსანიშნავია, რომ საზეიმო ღონისძიებები მთელი წლის განმავლობაში აღინიშნება და მიზნად ისახავს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ისტორიის, ქვეყნის ეკონომიკურ-ტურისტული პოტენციალისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციას.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, გაეცნონ მუდმივად განახლებულ ინფორმაციას შემდეგ მისამართზე: http://events.gov.ge/

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები