მეუფე შიო: “რუსთავი 2”-გან მკრეხელობა მიზანმიმართულად და სპეციალურად ხდება

„მინდა გამოვეხმაურო იმ ძალიან ცუდ მოვლენას, რაც მოხდა ამ რამოდენიმე დღის წინ. ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ, თქვენ იცით, მკრეხელური გადაცემა გააკეთა, მკრეხელობას მიმართა, რაც არის შეურაცხმყოფელი ჩვენი ერისთვის”, – ამის შესახებ პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ ალავერდის მონასტერში ქადაგებისას განაცხადა.

მან ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ზე გადაცემა “არჩევანში” წამყვანის, გიორგი გაბუნიას შესავალ სიტყვაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მსგავსი მკრეხელობა შესაძლოა სხვადასხვა მიზანს უკავშირდებოდეს.

“რა თქმა უნდა, ჩვენ ვხვდებით, რომ ეს მიზანმიმართულად და სპეციალურად ხდება, შეიძლება ამის სხვადასხვა მიზანი არსებობდეს. ახლა შეიძლება, ამბიონი ამისი განხილვის ადგილი არ არის, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს დაუშვებელია, რა თქმა უნდა, ეს ჩვენ ერში არ უნდა ხდებოდეს.
ვინც ამას ფიქრობს და გეგმავს, იმან უნდა იცოდეს, რომ არ შეიძლება. ჩვენი ერი არასდროს იგუებს ამას და მინდა მივმართო მათ: ჩვენ, განსაკუთრებით ისინი, ვინც ცოტა უფროსი თაობისანი ვართ და მოვესწარით ძველ ბოლშევიკურ პერიოდს და წყობას, შეგვიძლია დღეს ვთქვათ და იმ ხალხს გავახსენოთ, ვინც ამას გეგმავს და ახორციელებს მიზანმიმართულად: გაიხსენეთ, რომ ეს ყველაფერი ჩვენმა ერმა გაიარა, გაიარა ეს კომუნისტური პერიოდის დროს, დევნა, დაცინვა, აბუჩად აგდება ყველაზე დიდი სიწმინდის და საკრალური სფეროსი რაც არის ჩვენი ერის, რამაც შექმნა ჩვენი ერი. ეს ჩვენ გავიარეთ.
იყო მებრძოლ უღმერთოთა კავშირი, ამით დაიწყო, სწორედ ესეთი მკრეხელობებით და შეურაცხყოფებით დაიწყო და რაში გადაიზარდა შემდეგ? დავანგრიეთ ეკლესიები, დაიღვარა ზღვა სისხლი და ყველანაირად დავკნინდით ჩვენ. და აი, ჩვენ ვკითხოთ მათ: ეს გინდათ თქვენ? ეს ყველაფერი ხომ ჩვენ გავლილი გვაქვს ასი წლის წინ? აგერ, ხელის გულზეა ეს ყველაფერი და ის ადამიანები, ვინც ამ ყველაფერს აკეთებდა, სად არიან ახლა? აი კიდევ ერთი შეკითხვა. ვიცნობთ ჩვენ მათ, მათი სახელები ცნობილია უკვე, ის ლიდერები ვინც ამას გეგმავდა, აფინანსებდა და ახორციელებდა. სად არიან ისინი დღეს, მათი სახელის გაგონებაც კი გვზარავს და გვძულს. და ეკლესია სად არის? ვისაც ისინი ესე დევნიდნენ და შეურაცხყოფდნენ? ჩვენ აქ ვართ. მიუხედავად იმ დევნისა და შეურაცხყოფისა ეკლესია ცოცხალია, იმიტომ რომ ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდნენ მას, და ისინი სად არიან მოგეხსენებათ თქვენ და შევახსენოთ ამ ჩვენს ძმებს და დებს, ვინც ამის უკან დგას, რომ იგივე ელის მათაც, იგივე ელის და დავფიქრდეთ ყველანი ამაზე. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ და გაგაძლიეროთ“, – განაცხადა მეუფე შიომ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საპატრიარქო “რუსთავი 2”-ის გადაცემაში “არჩევანი”, წამყვანის, გიორგი გაბუნიას შესავალ სიტყვას გამოეხმაურა. საპატრიარქო მოუწოდებს ხელისუფლებას, გადადგას ქმედითი და სწრაფი ნაბიჯები, რათა ქვეყანა არ დადგეს უმართავი პროცესების განვითარების საშიშროების წინაშე. საპატრიარქო ასევე მიმართავს სამღვდელოებას და დიპლომატიურ კორპუსს.

22 მაისს, გიორგი გაბუნიამ გადაცემაში განაცხადა, რომ სტუდიაში უცნაური სტუმარი ჰყავდათ, ღვთისმშობელი სათამაშო პისტოლეტით. თუმცა, როგორც გაბუნიამ აღნიშნა, გამომდინარე იქიდან, რომ პისტოლეტი სათამაშოა, ის თავს ვერ მოიკლავს, ასე რომ, ცოცხალი დარჩება და მოგვიანებით იესოსაც გააჩენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები