გიორგი კვირიკაშვილი: ტოჩინოშინი ჩვენთვის ძალიან საამაყო ადამიანია და ვუსურვებ, ასე გაეგრძელებინოს თავისი კარიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე იაპონიაში ლევან გორგაძის წარმატებას გამოეხმაურა და მისი გამარჯვება მთელ საქართველოს მიულოცა.
გიორგი კვირიკაშვილმა ლევან გორგაძეს მომავალ კარიერაში დიდი წარმატება უსურვა.
„მინდა, ყველას მოგილოცოთ ტოჩინოშინის უდიდესი წარმატება, რაც ვფიქრობ, უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის იაპონიაში წარმოჩენისთვის. ჩვენმა თანამემამულემ იაპონიაში უპრეცედენტო გამარჯვებები მოიპოვა. ტოკიოში მიმდინარე პროფესიონალური სუმოს პრესტიჟულ ტურნირზე – ნაცუ ბაშოზე, ტოჩინოშინმა მე-12 სენსაციური გამარჯვება მოიპოვა და სუმოს ნამდვილად ცოცხალი ლეგენდა, უმაღლესი წოდების მქონე იოკუძუნა ჰაკუჰო დაამარცხა. ვულოცავ ამ უდიდეს წარმატებას მთელს საქართველოს და რა თქმა უნდა, პირველ რიგში – თავად ლევანს. ჩვენ გვეამაყება ჩვენი ასეთი თანამემამულე, რომელმაც უზარმაზარი ძალისხმევა და შინაგანი ენერგია აჩვენა. ალბათ, ყველამ უყურეთ ამ ბრძოლას და დარწმუნებული ვარ, ეს ყველასთვის უდიდესი სიხარულის საგანი იყო.
მინდა, მე მას წარმატება ვუსურვო მომავალ კარიერაში. ტოჩინოშინი ჩვენთვის ძალიან საამაყო ადამიანია და ვუსურვებ, ასე გაეგრძელებინოს თავისი კარიერა. იგი გახდა ჩვენი ქვეყნის სახე არა მხოლოდ იაპონიაში, არამედ ამ გამარჯვებამ ძალიან დიდი რეზონანსი გამოიწვია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ასე, რომ გილოცავთ!“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ნაცუ ბაშოს მე-12 დღეს, ლევან გორგაძის მეტოქე დიდი ჩემპიონი – იოკოძუნა ჰაკუჰო იყო, რომლის ანგარიშზეც 40 იუშოა და სუმოს ცოცხალ ლეგენდად ითვლება.
ბრძოლა მონღოლი იოკოძუნას იერიშით დაიწყო, თუმცა ტოჩინოშინმა მეტოქის მიძალების მოგერიება მოახერხა და საბოლოოდ გამარჯვებაც მოიპოვა.
ტოჩინოშინმა ამ გამარჯვებით ოძეკის რანგი გაინაღდა და დიდი ჩემპიონის წინააღგმდეგ წარუმატებელი შეხვედრების უსიამოვნო ტრადიცია დაასრულა (1:25).