გია ვოლსკი: ხელისუფლება ყოველთვის იდგება იმ პოზიციაზე, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ შეიზღუდოს
„ხელისუფლება რასაკვირველია, ყოველთვის იდგება იმ პოზიციაზე, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ შეიზღუდოს და არა მარტო გამოხატვის, არამედ ამ გამოხატვის შეფასებაც არ უნდა შეიზღუდოს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ საპატრიარქოს განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
გია ვოლსკის განმარტებით, საპატრიარქოს განცხადებამ იმედები გაუცრუა ადამიანებს, ვინც დაპირისპირებების პროვოცირებას ცდილობს.
დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა იმ გადაცემებზე და იმ სიუჟეტებზე, რომლებიც გარკვეულ შეურაცხყოფას აყენებს მართლმადიდებლებს და არა მარტო მართლმადიდებლებს, საერთოდ საზოგადოებას.
„თუმცა სიტყვის თავისუფლებას რასაკვირველია, საქართველოში არასდროს დაემუქრება რაიმე საფრთხე. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არა მარტო სიტყვის თავისუფლებას, არამედ ამ თავისუფალი სიტყვისათვის ოპონირების გაწევასაც არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ხელისუფლება რასაკვირველია, ყოველთვის იდგება იმ პოზიციაზე, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ შეიზღუდოს და არა მარტო გამოხატვის, არამედ ამ გამოხატვის შეფასებაც არ უნდა შეიზღუდოს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
გია ვოლსკი აცხადებს, რომ ოპოზიცია საპატრიარქოს აგრესიულად წარმოჩენას ცდილობს.
“არანაირი კანონმდებლობის შეცვლაზე აქ საუბარი არ არის – სახელმწიფომ ყოველთვის უნდა უზრუნველყოს ის, რომ პროვოკაციის საფუძველზე წარმოქმნილი დაპირისპირება, რომელიც ერთმანეთს ასაზრდოებს ორი რადიკალური მხარე არ გადაიზარდოს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში. ეს უნდა უზრუნველყოს ხელისუფლებამ ისევე, როგორც სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება როგორც ერთი, ასევე მეორე მხრიდან და საპატრიარქოს წარმოჩენა როგორც აგრესიისკენ მომწოდებელი სტრუქტურის არის სწორედაც ის ჩანაფიქრი, რასაც ხშირ შემთხვევაში მიზნად ისახავს პროვოკაციული სიუჟეტები”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპატრიარქომ 24 მაისს სამღვდელოებას მოუწოდა, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ყოველგვარი ურთიერთობა შეწყვიტონ, არ მისცენ ინტერვიუ და მონაწილეობა არ მიიღონ მათ არც ერთ გადაცემაში.
საქართველოს საპატრიარქო მიიჩნევს, რომ „აღნიშნული ტელეკომპანიის გადაცემები იმდენად ცინიკური და უტიფარია, რომ ხალხის საერთო აღშფოთებას და ქვეყანაში დაძაბულობას იწვევს“. საპატრიარქოს განცხადება მოყვა გადაცემა „არჩევანში“ გიორგი გაბუნიას მიერ გაკეთებულ კომენტარს.
„შეამჩნევდით, რომ სტუდიაში დღეს ერთი უცნაური სტუმარი გვყავს, მარიამი სათამაშო პისტოლეტით, რომელიც ცნობილია თვითმკვლელი ღვთისმშობლის სახელით, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ პისტოლეტი სათამაშოა, სინამდვილეში ის თავს ვერ მოიკლავს, ასე რომ ცოცხალი დარჩება და მოგვიანებით იესოსაც გააჩენს, არ ინერვიულოთ ამ თემასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა გიორგი გაბუნიამ გადაცემა „არჩევანში“.