ირაკლი სესიაშვილი: სახელმწიფო კვლავაც დარჩება სიტყვის თავისუფლების სადარაჯოზე

0

სიტყვის თავისუფლება და ზოგადად, სიტყვა “თავისუფლება” მოიცავს არა მხოლოდ უფლებებს, რაც არის მნიშვნელოვანი ნაწილი, არამედ მოიცავს პასუხისმგებლობასაც, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სიტყვის თავისუფლება არის ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარი.

„დემოკრატია არის მნიშვნელოვანი საფუძველი ჩვენი ქვეყნის სწორად განვითარების და აქ ზედმეტი კითხვები არ ისმება. თუმცა, სიტყვის თავისუფლება და ზოგადად, სიტყვა “თავისუფლება” მოიცავს არა მხოლოდ უფლებებს, რაც არის მნიშვნელოვანი ნაწილი, არამედ მოიცავს პასუხისმგებლობასაც. ჩემი უფლება მთავრდება იქ, სადაც თქვენი და სხვისი უფლებები იწყება, ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ უფლებით, ამ თავისუფლებით სარგებლობისას გავითვალისწინოთ ის ღირებულებები, რაც ჩვენს საზოგადოებას, ჩვენი ერის იდენტობას წარმოადგენს, რამაც ჩვენი ქვეყანა აქამდე მოიყვანა და ამიტომ მაქსიმალურად, თავისთავად ცხადია, ფრთხილად უნდა მივუდგეთ ამას. ამიტომ, სახელმწიფო კვლავაც დარჩება სიტყვის თავისუფლების სადარაჯოზე, თუმცა ასევე, ყველას უნდა მოვუწოდოთ, რომ ამ უფლებით სარგებლობისას არ მივაყენოთ ვინმეს შეურაცხყოფა მითუმეტეს, როცა საქმე ეხება ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა ჩვენი ეროვნული იდენტობის ნაწილი”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს საპატრიარქო სამღვდელოებას „რუსთავი 2-თან“ ურთიერთობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

კომენტარები

კომენტარი