კანადაში ორმა უცნობმა რესტორანი ააფეთქა – არიან დაშავებულები
კანადის ქალაქ მისისოგაში ორმა უცნობმა რესტორანში ბომბის დეტონაცია მოახდინა, რის შედეგადაც 15-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ცნობილია, რომ ორი უცნობი მამაკაცი წუხელ, ღამით შევიდა მისისოგას ცენტრში მდებარე რესტორანში, სადაც ხალხი სავახშმოდ იყო შეკრებილი და ხელნაკეთი ბომბის დეტონაცია მოახდინეს, შემდეგ კი ტერიტორია უვნებლად დატოვეს.
ამ დროისთვის, ყველა დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების თქმით, სამი ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია.
მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.
ქალაქის პოლიციამ “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე სავარაუდო დამნაშავეების ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ეჭვმიტანილები შავებში არიან შემოსილები და თავზე “კაპიუშონები” ახურავთ. ფოტოში ჩანს, როგორ შედიან ისინი რესტორანში ასაფეთქებელი მოწყობილობის მსგავსი ნივთით.