მოსკოვში საქართველოს საელჩოს ყოფილი შენობა საქართველოს გადაეცემა

მრავალი წლის მუშაობის შემდეგ, დადებითად გადაწყდა მოსკოვში ჩვენი საელჩოს შენობის საქართველოსათვის კუთვნილებაში გადაცემის საკითხი – ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
„ქონებრივ საკითხებზეც ვისაუბრეთ. მრავალი წლის მუშაობის შემდეგ, დადებითად გადაწყდა მოსკოვში ჩვენი საელჩოს შენობის საქართველოსათვის კუთვნილებაში გადაცემის საკითხი. ამაზე წლების განმავლობაში მიმდინარეობს მუშაობა. ჩვენმა საგარეო უწყებამ საკმაოდ წარმატებულად დაასრულა ამ საკითხზე მუშაობა, რაც მისასალმებელია. ძალიან კარგად იმუშავა ამაზე ჩვენმა ინტერესთა სექციამ რუსეთში“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
აღნიშნულ საკითხზე ისაუბრა გრიგორი კარასინმაც.
„წინ წავედით იმ საკითხის გადაწყვეტაში, რომელიც დიპლომატიურ უძრავ ქონებას ეხება. მოსკოვში ის ორი შენობა, სადაც საქართველოს საელჩო და შემდეგ ინტერესების დამცველი სექცია ფუნქციონირებდა, საქართველოს მხარეს საკუთრებაში გადაეცემა. ამისკენ დიდი ხანია მოვდიოდით. პროცესი ჯერ დასრულებული არ არის მიწასთან და სხვა პირობებთან დაკავშირებით, მაგრამ მთავარია, რომ სწორი მიმართულებით ვმოძრაობთ. იმედი გვაქვს, რომ თბილისში რუსეთის ინტერესების დამცველი სექციაც მიიღებს რეკვიზიტებს შენობასა და მიწასთან დაკავშირებით. შენობების გაცვლას არ ვაპირებთ. ეს შემხვედრი პროცესია. უნდა დავარეგულიროთ ეს საკითხები. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ავწონ-დავწონით, ამ საკითხებმა შესაძლოა, ხელი შეუშალოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დარეგულირებას“, – განაცხადა გრიგორი კარასინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები