“ჩვენი ამოცანაა, არჩილ ტატუნაშვილის საქმის გამოძიების პროცესს ხელი არ შეეშალოს”

0

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის თქმით, აბაშიძე-კარასინის შეხვედრის დროს, ცხადია, გვერდს ვერ აუვლიან არჩილ ტატუნაშვილის საქმეს.
როგორც ციხელაშვილი აღნიშნავს, რუსეთის ფედერაცია ერთადერთი ქვეყანაა, რომლის პოლიტიკური პასუხისმგებლობა დგას ამ საქმეში.
„ჩვენი ამოცანა ახლა გახლავთ ის, რომ უშუალოდ გამოძიება წარიმართოს და ამ პროცესს არ შეეშალოს ხელი. თქვენ იცით, რომ ინციდენტების პრევენციის ფორმატში ერგნეთში ეს საკითხი უკვე გახლდათ განხილული და ქართულმა მხარემ პუნქტობრივად გაიარა ყველა ის მოთხოვნა, გამოძიებისთვის რაც იქნება მნიშვნელოვანი, რომ გაერკვეს და ნათელი მოჰფინოს ამ გარემოებებს. ცხადია, ერთ-ერთი გზავნილი ისიც გახლავთ, რომ ამ პროცესს არ უნდა შეეშალოს ხელი, რათა კიდევ უფრო არ გართულდეს, არ დამძიმდეს ისედაც ყველაზე მძიმე მოცემულობა, რადგან ეს უკავშირდება ახლგაზრდა ადამიანის სიცოცხლის ხელყოფას უკანონო პატიმრობაში“, -განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის შეხვედრა პრაღაში იმართება.

კომენტარები

კომენტარი