ირაკლი შოთაძე ზაზა სარალიძის ბრალდებას პასუხობს
„ამ სისხლის სამართლის საქმეში, არცერთი მტკიცებულება არ მოიპოვება მირზა სუბელიანის მიერ სისხლის სამართლის რაიმე დანაშაულის შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განუცხადა.
მისივე განმარტებით, მირზა სუბელიანის სახელს ხშირად ახსენებენ, თუმცა არასდროს უსვამენ ხაზს იმ გარემოებას, რომ სუბელიანის ოჯახის სამი წევრი სიხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა პროკურატურამ დანაშაულის დამალვის საქმეზე.
“მკვლელობის ფაქტზე ორი არასრულწლოვანი მიცემულია პასუხისგებაში. ეს პროცესი ბოლოშია გასული და იმედი გვაქვს დამნაშავეები კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან. რაც შეეხება დანაშაულის დაფარვას, ამ მიმართულებით შს სამინისტრომ სრულყოფილი გამოძიება ჩაატარა. ჩატარებული არის ყველა საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება. დანაშაულის დაფარვის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია 5 პირის მიმართ, რაზეც ინფორმირებულია საზოგადოება და დაზარალებულები. არც ერთი მტკიცებულება ამ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება მირზა სუბელიანის მიერ სისხლის სამართლის რაიმე დანაშაულის შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით. ის ვიდეოჩანაწერი, რომელიც „რუსთავი 2“-მა გაავრცელა, გამოძიების პროცესში მოპოვებული და ამოღებულია თავად გამოძიების მიერ. ერთ-ერთი მტკიცებულება, რაც საფუძვლად დაედო ამ 5 პირის ბრალს, სწორედ ეს ვიდეოჩანაწერია. შესაბამისად, ამ ვიდეოჩანაწერის საზოგადოებისთვის მიწოდება, რომ თითქოს ეს რამე ახალია და გამოძიება და პროკურატურა ამის შესახებ ინფორმირებულები არ იყვნენ, არის სიცრუე. ადვოკატებმა იციან ამ ვიდეომასალის შესახებ, ეს მასალებია გაცვლილია, ყველა მხარეს, ვისაც უნდა ჰქონოდა ეს მტკკიცებულება, აქვს”,- განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. გარდაცვლილის მამა ზაზა სარალიძე უკმაყოფილია პროკურატურის გამოძიების და აცხადებს, რომ პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი დანაშაულის დაფარვის გამო, სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში უნდა მიეცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი აქციებს აანონსებს.