მთავარი პროკურორი ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამასთან შესახვედრად მზადაა
საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამასთან, ზაზა სარალიძესთან შესახვედრად მზადყოფნას გამოთქვამს.
როგორც მან განაცხადა, ის მზადაა, ნებისმიერ კითხვას პასუხი გასცეს.
მისივე თქმით, ამ საკითხზე კომუნიკაცია გაგრძელდება და უწყება დაზარალებულების ინტერესების დამცველი იქნება. „საქართველოს პროკურატურა არის დაზარალებულების გვერდით ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმეზე. საქართველოს პროკურატურა და პირადად მე, ვუსამძიმრებთ დადუნაშვილებისა და სარალიძეების ოჯახს და ვართ მათ გვერდით.
საქართველოს პროკურატურამ განახორციელა ყველა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება, რაც შეიძლება ამ საქმეებზე განხორციელებულიყო. მზად ვარ, შევხვდე ზაზა სარალიძეს და გავცე ნებისმიერ კითხვაზე პასუხი. აქამდე ჩვენ ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია გვქონდა დაზარალებულებთან და ამ კომუნიკაციას ახორციელებდა თბილისის პროკურატურა. კომუნიკაცია აუცილებლად გაგრძელდება და ამ საქმის ფარგლებში ჩვენ ვიქნებით დაზარალებულების გვერდით და მათი ინტერესების დამცველები“, – განაცხადა შოთაძემ.