სოფო კილაძე: კახა კალაძის ინიციატივები ხელს უწყობს ჯანსაღი გარემოთი სარგებლობის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების რეალიზებას
კახა კალაძის ინიციატივები ხელს უწყობს ჯანსაღი გარემოთი სარგებლობის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების რეალიზებას, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრი სოფო კილაძე აცხადებს.
“მინდა გამოვეხმაურო თბილისის მერის ორ ინიციატივას, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია დედაქალაქში ჯანსაღი გარემოთი სარგებლობის უფლების რეალიზებისთვის: დამატებული ღირებულების გადასახადისგან ელექტროავტობუსებისა და ელექტრომიკროავტობუსების იმპორტისა და ადგილობრივი მიწოდების გათავისუფლების შესახებ, ასევე, თბილისის ტერიტორიაზე ხე-მცენარეების მოვლის სტანდარტული აგროტექნიკური ღონისძიებების გეგმა. ერთი მხრივ, ქალაქში შემცირდება მავნე გამონაბოლქვი და მეორე მხრივ, მწვანე საფარის მოვლა თვისობრივად მაღალ საფეხურზე გადაინაცვლებს, რაც მწვანე საფარს უფრო მეტად გაზრდის ქალაქში.
ორივე ინიციატივა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქალაქში ჯანსაღი გარემოს შექმნას, რაც უკვე წლებია სერიოზული პრობლემაა და დედაქალაქის მცხოვრებლებსა და სტუმრებს სერიოზულ დისკომფორტს უქმნის”, – აცხადებს კილაძე.