„გაფიცულ ძიუდოისტებს შევთავაზე, რომ ეროვნულ ნაკრებზე, პასუხისმგებლობას ავიღებდი, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიმიღია“

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და კომპანია “ზედაზენის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ცეზარ ჩოჩელი აცხადებს, რომ ის გაფიცულ ძიუდოისტებს რამდენჯერმე შეხვდა და პირობა მისცა, რომ ეროვნულ ნაკრებზე, ყველა საჭირო ღონისძიებაზე პასუხისმგებლობას აიღებდა.

შესაბამისი განცხადება ჩოჩელმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

როგორც ჩოჩელმა განმარტა, მას ამ დრომდე სპორტსმენებისგან პასუხი არ მიუღია.

„მე რამდენჯერმე შევხვდი გაფიცულ ძიუდოისტებს და ვუთხარი, რომ უშუალოდ ეროვნულ ნაკრებზე პასუხისმგებლობას ავიღებდი, მათ შორის, ყველა წვრილმანზე – დაწყებული მათი მომზადებით, შეკრებებით, დამთავრებული შეჯიბრებებზე გამოსვლით, მათგან კი უნდა ყოფილიყო თანხმობა, რომ მოემზადებოდნენ მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რათა ჩვენი ქვეყანა ღირსეულად წარმოდგენილიყო. თუმცა დღემდე პასუხი არ მიმიღია მათგან. ჩვენი მოწოდებაა, ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ ეს დაპირისპირება. დღეს უნდა ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რაც გვაწუხებს, თუ ეს პრობლემები მართლა არსებობდა. ჩემი ინტერესია სიტუაცია დალაგდეს ისე, რომ სპორტსმენები ვარჯიშობდნენ, მწვრთნელები მომავალი თაობის აღზრდით იყვნენ დაკავებულები და ქვეყანა ნორმალურად წარმოვადგინოთ საერთაშორისო ასპარეზზე. სწორედ ამ საკითხებზე უნდა მიდიოდეს მსჯელობა და არა იმაზე, რომ პრეზიდენტი გადავაყენოთ და ა.შ. –90 -იან წლები მახსენდება – სკამების გატანა, შემოტანა“, – განაცხადა ცეზარ ჩოჩელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები