მამუკა მდინარაძე: სტრასბურგის სასამართლო თავის სიტყვას იტყვის

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განაცხადებით, სტრასბურგის სასამართლო თავის სიტყვას იტყვის და პასუხისმგებლობას დააკისრებს იმ ქვეყანას, რომელიც 2008 წლიდან მოყოლებული დღემდე, დანაშაულს ჩადის. მისივე თქმით, აღსრულების მექანიზმზე საუბარი ჯერჯერობით, ნაადრევია.

“იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ წარდგენილი გვაქვს ასეულობით მტკიცებულება სტრასბურგის სასამართლოში და ვართ მართლები, სასამართლო თავის სიტყვას იტყვის და პასუხისმგებლობას დააკისრებს იმ ქვეყანას და იმ ადამიანებს, რომლებიც 2008 წლიდან მოყოლებული დღემდე, ჩადიან დანაშაულს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ამაზე სასამართლოს პასუხი, იმედი მაქვს, იქნება ადეკვატური და სამართლიანი.

მოდი ჯერ ნუ ვისაუბრებთ ამაზე. დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. აღსრულების მექანიზმები საკმაოდ რთული იქნება იმიტომ, რომ მეორე მხარე, რომელსაც შესაძლებელია სანქციები დაეკისროს, არის ოკუპანტი ქვეყანა რუსეთი და იმ ტერიტორიებზე, იმ ქვეყნებთან მიმართებაშიც კი, რომელიც ოკუპაციის ქვეშ არ არის რუსეთის, იქაც ძალიან ჭირს ხოლმე გადაწყვეტილების აღსრულება და იქაც მსგავსი პრობლემებია. ამიტომ ჯერ დაველოდოთ სამართლიან გადაწყვეტილებას, რომელიც აუცილებლად ობიექტურობის ფარგლებში, ჩვენს სასარგებლოდ უნდა გამოვიდეს და შემდეგ ვისაუბროთ სხვა საკითხებზე”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)” დღეს ბოლო ზეპირი მოსმენა გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები