ლიტვური პოეზიის ფესტივალი საქართველოში
საქართველოში ლიტვური პოეზიის ფესტივალი „პოეზიის გაზაფხული“ ჩატარდება. 15-19 მაისს, ყოველწლიური ლიტვური ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს ლიტველ პოეტთა ოთხკაციანი დელეგაცია ეწვევა. ლიტველი პოეტები შეხვდებიან ქართველ კოლეგებს, მოინახულებენ თბილისის ღირსშესანიშნაობებს და გამართავენ რამდენიმე პოეტური კრებულის პრეზენტაციას.
საერთაშორისო ფესტივალი „პოეზიის გაზაფხული“ ლიტვაში ყოველწლიურად ტარდება და მასში სხვადასხვა ქვეყნიდან მიწვეული პოეტები მონაწილეობენ. ბოლო რამდენიმე წელია, ღონისძიება ლიტვის ფარგლებს გასცდა და სხვა ქვეყნებშიც იმართება. პროექტი ინიცირებულია „კულტურულ ურთიერთობათა ცენტრის“ – „კავკასიური სახლის“ ლიტვური ლიტერატურის მთარგმნელის ნანა დევიძის მიერ და ხორციელდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ქართული წიგნისა და ლიტერატურის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში.