ალი ბაბაევი: ზოგიერთ ვაი-პოლიტიკოსს აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხის ძმობაში არეულობის შეტანა არ გამოუვა

საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე ალი ბაბაევი, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში საუბრისას აცხადებს, რომ საინგილოში, როგორც ქრისტიანი, ისე მუსულმანი ინგილოები, მშვიდობიანად და სტაბულურად ცხოვრობენ და მათი უფლებები არ ირღვევა (როგორც ამას ზოგიერთი პოლიტიკოსი აცხადებს), თუმცა, არის ყოფითი პრობლემებიც, რომლებიც მოგვარებადია.

“ნიშანდობლივია, რომ ქართველები დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს აღნიშნავენ, აზერბაიჯანელი ხალხი კი ამ დღესასწაულს 28 მაისს ზეიმობს. მინდა ვისარგებლო თქვენთან სტუმრობით და ორივე ერს მივულოცო ეს დღესასწაული.
გიორგობის დღესასწაულზე ვიმყოფებოდი საინგილოში. მოვიარე ბელექანის, ზაქათალას და კახის რაიონები. შევხვდი როგორც ადგილობრივ ხელისუფლებას, ისე საქართველოს ელჩს აზერბაიჯანში ბატონ თეიმურაზ შარაშენიძეს, მთავარ კონსულს მამუკა ბალავაძეს და რა თქმა უნდა, – ადგილობრივ მოსახლეობას.
გიორგობის დღესასწაულზე ვიმყოფებოდი გულმუხის ეკლესიაში, სადაც გიორგობას რეგულარულად მიმდინარეობს წირვა-ლოცვა და მინდა სიხარულით აღვნიშნო, რომ ამ დღესასწაულს, როგორც ინგილოები, ასევე აზერბაიჯანელები ერთად აღნიშნავენ. მოვინახულე ასევე კახში მდებარე სამების ტაძარი, რომელიც აბსოლუტურად დაცულია, მაგრამ როგორც უძველესი ნაგებობა, რესტავრაციას საჭიროებს. მინდა სიხარულით აღვნიშნო, რომ ქართველ სასულიერო პირს, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ბრძანებით, მიენიჭა აზერბაიჯანის მოქალაქეობა, ამიერიდან მას თავისუფლად შეუძლია წირვა-ლოცვა აღავლინოს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებულ ყველა ქრისტიანულ ტაძარში. ზოგიერთ პოლიტიკოსს ძალიან სურს ორ მოძმე ერს შორის შუღლის გაღვივება და ათასნაირ დეზინფორმაციას ავრცელებს ამ მიზნით. მინდა აღვნიშნო, რომ მათ არაფერი გამოუვათ, აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხის ძმობა იმდენად მყარია და იმდენად სწორ პოლიტიკას ატარებს ორივე ქვეყნის მთავრობა. გარდა ამისა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მკაფიოდ დააფიქსირა თავისი პოზიცია, როცა განაცხადა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მოუგვარებელი პრობლემები არ არსებობს. ორივე ქვეყანაში შექმნილია საპარლამენტო კომისიები, რომლებიც სწავლობენ არსებულ პრობლემებს და ეძებენ მათი გადაჭრის გზებს”, – განაცხადა ალი ბაბაევმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები