„ახალგაზრდა ადვოკატები“ სახელმწიფოს სოციალურად დაუცველთა დახმარების, სისტემის რეფორმასა და სამართლიანი წესების შემოღებაზე მიმართავს

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ სოციალურად დაუცველი ერთიანი ბაზის მონაცემთა შესწავლის შედეგებს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ არსებული მდგომარეობა კრიტიკულ ზღვარს ცდება – არსებული მდგომარეობით, სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში, საქართველოში რეგისტრირებული მოსახლეობის 3 729 638 მილიონი მოქალაქიდან, ერთ მილიონამდე მოქალაქეა რეგისტრირებული, ხოლო საარსებო შემწეობის მიღების უფლებით, ნახევარ მილიონ ადამიანზე მეტი – 500,833 პირი სარგებლობს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტის, გიორგი ზოიძის განცხდებით, ორგანიზაციის შესწავლის საგანს წარმოადგენდა, საკითხი იმის შესახებ, თუ 2014-2017 წლებში, სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში, რამდენი პირი იქნა რეგისტრირებული, საერთო ჯამში, რამდენმა პირმა გააკეთა განაცხადი სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭებისა და დახმარების მიღებაზე, სოციალური დახმარების მიღებაზე რამდენ მათგანს ეთქვა უარი და რა საფუძვლით და გასაჩივრდა თუ არა სახელმწიფოს უარი სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭებისა და დახმარების მიღებაზე. ამასთან, ორგანიზაცია დაინტერესდა საანგარიშო პერიოდში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული სოციალური დახმარების საერთო რაოდენობითა და ერთი პირის მიმართ გაცემული დახმარების ოდენობის საკითხითაც.

ორგანიზაციის შესწავლის შედეგად დადგენილია, რომ 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ იქნა 975,236 პირი, 2016 წელს – 1,171,151, 2015 წელს – 1,542,545, ხოლო 2014 წელს – 1,627,278 პირი. დარეგისტრირებული პირების გათვალისწინებით, შესწავლის შედეგად, სახელმწიფომ საარსებო შემწეობის გაცემა უზრუნველყო 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით – 500,833 პირის მიმართ, 2016 წელს – 549 457, 2015 წელს – 468 932, ხოლო 2014 წელს – 462 004 მოქალაქის მიმართ. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ წლებთან ერთად, მზარდია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირთა რაოდენობა, ისევე, როგორც მზარდია საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა ოდენობა.

ორგანიზაციის შეფასებით, მნიშვნელოვანია სოციალური დახმარების მღებაზე უარის თქმის სტატისტიკა, რაც საერთო ჯამში საკმაოდ მაღალია. 2014-1017 წლებში, საერთო ჯამში, სხვადასხვა მიზეზით, სოციალური დახმარების მიღებაზე, საქართველოს 610 335 მოქალაქეს ეთქვა უარი. ეს მაჩვენებელი შემდეგნაირად გამოიყურება: 2014 წელი – 180 879 პირი, 2015 წელი – 171 556 პირი, 2016 წელი – 118 229 პირი, ხოლო 2017 წელს 139 671 პირი. უარის თქმის მიზეზი ძირითად შემთხვევებში ხდება: შეუსაბამოდ მაღალი სარეიტინგი ქულა, ოჯახის მითითებულ მისამართზე არ ცხოვრების საკითხი, ოჯახის ხელოვნურად გაერთიანება ან გაყოფა, ოჯახის წევრებთან და უფლებამოსილ წარმომადგენლებთან დაკავშირების პრობლემა. 2014-2017 წლებში, მათ შორის სოციალურად დაუცველთა შემწეობაზე მიღებაზე უარის თქმის საფუძველი – 260 შემთხვევაში ოჯახის ერთ-ერთი წევრის პატიმრობა გახდა. ამასთან, მნიშვნელოვანია იმ პირთა რაოდენობა, რომლებსაც დასახელებულ პერიოდში შეუწყდათ სოციალური დახმარება – აღნიშნულ პირთა რაოდენობამ საერთო ჯამში 333 939 პირი შეადგინა.

ორგანიზაციამ საკითხის მოკვლევის პროცესში ყურადღება დაუთმო ცალკეული პირების მიერ სოციალური სააგენტოს მხირიდან სოციალური დახმარების გაცემაზე უარის გასაჩივრების საკითხს. მოწოდებული მასალებით ირკვევა, რომ 2014-2017 წლებში, საერთო ჯამში, ადმინისტრაციული საჩივრით, 373 პირმა მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს. სრულად დაკმაყოფილდა მხოლოდ 12 ადმინიტრაციული საჩივარი, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა – 109, არ დაკმაყოფილდა საერთო რაოდენობის 50%-ზე მეტი, – 198, წარმოებაში მიღებაზე უარი ეთქვა – 23 განაცხადს, წარმოება შეწყდა 41 მიმართვაზე.

ორგანიზაციის ინტერესს წარმოადგენდა სოციალურად დაუცველი პირების მიმართ გაცემული სოციალური დახმარების რაოდენობა, რამაც 2014-2017 წლებში, საერთო ჯამში – 1 062 723 938 ლარი შეადგინა, წლების მიხედვით კი მაჩვენებელი შემდეგნაირად გამოიყურება: 2014 წელს საერთო ჯამში გაიცა 281 108 370 ლარი, 2015 წელს 253 793 598 ლარი, 2016 წელს 270 190 069 ლარი, ხოლო 2017 წელს 257 631 898 ლარი. ამ პროცესში აღსანიშნავია ერთი პირის მიმართ გაცემული თანხის ოდენობა, რაც სააგარიშო პერიოდში, ყოველწლიურად 1 ლარით გაიზარდა. ერთი პირის მიმართ ყოველთვიურად გასაცემი თანხა 2014 წელს იყო – 54 ლარი, 2015 წელს – 54 ლარი, 2016 წელს – 55 ლარი, ხოლო 2017 წელს აღნიშნულმა – 56 ლარი შეადგინა. სოციალურად დაუცველი პირის მიმართ მსგავსი ოდენობის თანხის გაცემა საქსტატის მიერ ქვეყანაში დადგენილ საარსებო მინიმუმზე სამჯერ ნაკლებია.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ შესწავლილი მასალის საფუძველზე აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში სოციალური დაცვის და სიღატაკის დაძლევის რეალური საშუალებები უნდა აამოქმედოს. მთლიანად შესაცვლელია სოციალურად დაუცველი ერთიანი ბაზის მონაცემთა აღრიცხვის სისტემა. ასამოქმედებელია სოციალურად დაუცველ პირთა მიმართ დასაქმებისა და შრომის ღირსეული პირობების შექმნის ეროვნული სტრატეგია. შესაცვლელია სოციალურად დაუცველ პირად მიჩნევისთვის შეფასების სისტემა, რაც უნდა დაეფუძნოს შეფასების სამართლიან პრინციპს და გაიზიაროს სხვა ქვეყნის საუკეთესო პრაქტიკა. საჭიროა მკაცრი რეგულაციების შემოღება უთანასწორობისა და დისკრიმინაციის თავდიან აცილების მიზნით. ამჟამად, არავითარი ინფორმაცია არ არსებობს, სახელმწიფო, გარდა კანონით განსაზღვრული სოციალური შემწეობის გაცემის გარდა, უწევს თუ არა სხვა სახის დახმარებას სოციალურად დაუცველ პირებს და ახორციელებს თუ არა მათი დასაქმების ხელშეწყობისთვისა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის რაიმე ღონისძიებებს.

ცნობისთვის, ორგანიზაციამ საკითხის შესწავლა 2018 წლის იანვრიდან დაიწყო და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის ანალიზი მოახდინა . ორგანიზაცია მიმართულებით აგრძელებს მუშაობას, სწავლობს სოციალური პოლიტიკის მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილებასა და პრაქტიკას და გამოთქვამს მზადყოფნას პრობლემის დაძლევის პროცესში, სახელმწიფოსთან ერთად, აქტიური მონაწილეობა მიიღოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები