რას ფიქრობენ ცნობილი ადამიანები თბილისურ აქციებზე – რომ გამოდიან და ჩემს შვილს უმტკიცებენ, რომ ეს სჯობია, მე არ ვიჩაგრები?!
„თეთრი ხმაური“, „ქართული მარში“ „ქართული იდეა“ “ეროვნული ერთობა“ – ბოლო ერთი კვირაა, დედაქალაქი აქციებმა მოიცვა.
ბოლო დღეებში მოქალაქეები საერთო ლოკაციაზე, თუმცა, განსხვავებული იდეის გარშემო, რუსთაველის გამზირზე იკრიბებოდნენ.
„თეთრი ხმაურის“ – აქციებს, რომელიც 12 მაისს თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ დაიწყო, მართლმადიდებლობის დაცვის სახელით მოხმაურე ადამიანების კონტრაქციებიც დაერთო.
სამართალდამცველებს, აქტივისტების მხრიდან, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო, ათეულობით ადამიანის დაკავება მოუხდათ.
პოლიციელების განსაკუთრებული მობილიზების ფონზე, გაიმართა ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აქცია, გუშინ მთავრობის ადმინისტრაციის წინ, თუმცა აქციას ინციდენტის გარეშე მაინც არ ჩაუვლია. მოქალაქემ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. სამართალდამცველებმა ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
აქციებზე გამომსვლელების პარალალურად, საკუთარ შეხედულებებს აქტიურად აფიქსირებდნენ მოქალაქეები სოციალურ ქსელებშიც. მოქალაქეთა ნაწილი „თეთრი ხმაურის“ მოთხოვნებს, ნაწილი კი „ქართული მარშის“ და მათი თანამოაზრეების შეხედულებებს იზიარებდნენ.
თუმცა, მრავლად არიან ისინიც, რომელთათვისაც, ლგბტ აქტივისტების მხრიდან საპატრიარქოს, უშუალოდ კი, პატრიარქის მიმართ გამოთქმული კრიტიკა მიუღებელია, თუმცა არც „ქართული მარშის“ და მათი თანამოაზრეების ხისტ პათოსს იზიარებენ.
საინტერესოა, რას ფიქრობენ აღნიშნულ პროცესებთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები.
„კვირა“ რამდენიმე მათგანს დაუკავშირდა:
მამა პეტრე კოლხი: მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ყველაზე მეტად ის ადამიანები ზარალდებიან, რომლებიც შუაში იმყოფებიან. მთავრობის ადმინისტრაციის წინ გუშინ გამართული აქციის მონაწილეების მოსაზრება, რომ რუსთაველის გამზირზე გამართულ კონტრაქციაში საპატრიარქოს ხელი ერია – უსაფუძვლოა. მინდა ვთქვა, რომ საპატრიარქო არცერთ ადამიანს არ დაუპირისპირებს მეორე მხარეს. რუსთაველის გამზირზე გუშინ გამართული აქცია იყო სუბიექტური მოსაზრებით ნაკარნახევი ნაბიჯი, მარგინალური ადამიანების გადაწყვეტილება, რომლებმაც საზოგადოება ისევ შეცდომაში შეიყვანეს და მათ ნაწილს აფიქრებინეს, რომ ამ ყველაფერში საპატრიარქოს ხელი ერია. უნდა ეყოთ ვაჟკაცობა და თქვან, რომ ამის უკან არც სახელმწიფო იდგა და არც საპატრიარქო. ასეთი ადამიანების გასაგონად მინდა განვაცხადო – თუ სახარება არ წაუკითხავთ, ვისაც წაკითხული აქვს, იმათ მაინც მოუსმინონ და გაითვალისწინონ რომ არცერთ ეპოქაში მართლმადიდებლობის დაცვა ხელ-კეტებით, ჯოხით და ნაჯახით არ ხდებოდა. საპატრიარქო მხარეს არ იჭერს, ორივე მხარე არიან მისი სულიერი შვილები – მოსწონს მათი ქმედებები, არ მოსწონს, ეს სხვა საკითხია. თუმცა ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ საპატრიარქო მხარს ვერსდროს დაუჭერს უზნეობას, ამორალიზმს, თუმცა, არც იმ ძალას დაუდგება გვერდში, ვინც მართლმადიდებლობის სახელით ხელკეტებით იბრძვის… მართლმადიდებლობის დაცვა ქუჩაში არ ხდება. ჩვენს თავებს ჩავუღრმავდეთ, ჩვენს შეცდომებს და გავიაზროთ – სად რა გავაკეთეთ არასწორად.
თამრიკო ჭოხონელიძე: ნარკორეალიზატორებთან ბრძოლაში სახელმწიფო უნდა იყოს ძალიან აქტიური. დარწმუნებული ვარ, ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებლებს ჰყავთ სერიოზული „კრიშა“ და მათი წყალობით ჩადიან ამდენ სისაძაგლეს. სადაც ამდენს იძიებენ, სამართალდამცველები იმასაც გამოძიებენ, თუ ვინ მფარველობს ამ გამსაღებლებს. მათ მიმართ ნამდვილად დაუნდობელი ვიქნებოდი იმიტომ, რომ ისინი ყველაზე დიდი დამნაშავეები არიან. რაც შეეხება უშუალოდ სპეცოპერაციას, როგორც ვიცი, სამართალდამცველები ასრულებდნენ თავიანთ ნორმებში, რომ შეურაცხყოფების ფონზე არ ყოფილიყო ეს ყველაფერი.
გივი სიხარულიძე:
კონკრეტული ძალების მხრიდან მართული პროცესის მომსწრენი გავხდით. ისეთი მასონური ორგანიზაციები, როგორიც სოროსის ორგანიზაციები და სხვები არიან, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქართული გენეტიკა, აზროვნება, ეროვნული ღირსება მიწაში ჩადონ. მათი დაფინანსებული არიან არასამთავრობო ორგანიზაციები და ის ბავშვები, ის უბედურები რომლებიც იქ იდგნენ ეს პერიოდი, – ჭიპებში საყურეებით, კიკინებით და ამავე დროს არსებობს ნარკომანების ბუდე, მაგრამ მე აქვე ვამბობ, რომ ადამიანების მიმართ აგრესია, ძალადობა ცემა-ტყეპა არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება. თუმცა, გონს უნდა მოეგონ, ისინი არ მეზიზღებიან, მეცოდებიან იმიტომ, რომ მსხვერპლი არიან საზღვარგარეთული მიზნების – გათახსირებულობის. მეცოდებიან -ესენი არიან ბრმა შემსრულებლები. ყველას ვაფრთხილებ, ასეთი პროპაგანდა -უცხოური, მასონური და სოროსისტების დადგმული სცენარია. მათ მცირერიცხოვანი ერების განადგურება უნდათ. ამ თაობაში არიან ისეთი ბიჭები და გოგოები, რომელთა იმედიც მე მაქვს, ისინი არიან ჩვენი ქვეყნის მომავალი -ეროვნული ღირსებით სავსე ახალგაზრდები იზრდებიან.
ნუგზარ კვაშალი: ახლა მე და ვახტანგ ტატიშვილი ერთად ვსხედვართ და ორი ადამიანის ერთ აზრს გეტყვით – ყოველთვის იყვნენ ლგბტ პირები, თუმცა მოცემულ შემთხვევაში ვიღაცები არიან დაინტერესებულები, რომ დაპირისპირება მოხდეს, იმიტომ, რომ ქართველი ადამიანი ვერასდროს აიტანს ამ პროპაგანდას. ამასთან, ეს არის ომი მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ. როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, მაშინაც იყვნენ ლგბტ პირები -მეგობრებიც მყავდა და მყავს ასეთები, მაგრამ სხვაობა ისაა, რომ ისინი იყვნენ თავისთვის, ჩუმად. დღეს კი მიდის პროპაგანდა, აგიტაცია და ეს არის დასასჯელი. რატომ უნდა გამოვიდეს ტელევიზიით და იძახოს, რომ თურმე ჩაგრავენ და ა.შ. ვინ ჩაგრავს?!. ეს პროპაგანდა მსოფლიოს აწყობს, ლონდონის მერი რომ გეი იქნება, – საუბარი არაფერზე აღარ არის, მაგრამ ლონდონი და თბილისი განსხვავდება. თუმცა, ლონდონში სხვა ტრადიციებია და ჩვენთან სხვა. რომ გამოდიან და ჩემს შვილს უმტკიცებენ, რომ ეს ჯობია, მე არ ვიჩაგრები?! საქართველოში თუ ოჯახის სიწმინდე გაქრა, ჩათვალეთ, რომ საქართველო აღარ იარსებებს. რაც შეეხება ნარკოტიკებს – ეს მსოფლიო პრობლემაა. ამასთან, თუ ადამიანი გაიკეთებს ნარკოტიკს, ან დალევს, გახდება ცუდად, ის უნდა წაიყვანო, ჩასვა პროგრამაში, ფული დახარჯო. კაცმა „კაიფი“ მოინდომა და იმას ფული რატომ უნდა დაახარჯო?… როცა ათასობით ბავშვი გვყავს გამოსაჯანმრთებელი, მაგალითად, ლეიკემიით დაავადებული პატარა ბავშვები, რომლებსაც ფული სჭირდებათ.
ამასთან, გუშინ ცნობილი გახდა, რომ „ქართული მარში“ აქციების გაგრძელებას გეგმავს. თუმცა ზუსტი დრო და ფორმა ამ ეტაპზე უცნობია. რაც შეეხება „თეთრ ხმაურს“, მათ მოცემული დროისთვის ტაიმ-აუტი აქვთ აღებული, თუმცა დაპირებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ისინიც პერმანენტული აქციების გამართვას აანონსებენ.