“ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი: კლუბის გახსნის კონკრეტულ ვადას ვერ გვეუბნებიან
შს სამინისტრო თვლის, რომ სპეცოპერაციის ჩასატარებლად იყო საკმარისი საფუძვლები, ჩვენ კი პირიქით ვფიქრობთ – ამის შესახებ ჟურნალისტებს კლუბ „ბასიანის“ ერთ–ერთმა დამფუძნებელმა ტატო გეთიამ შს სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
„მივიღეთ განსხვავებული პოზიციები. შს სამინისტრო თვლის, რომ სპეცოპერაციის ჩასატარებლად იყო საკმარისი საფუძვლები, ჩვენ კი პირიქით ვფიქრობთ. ჩემი აზრით, იყო გზები, რომ ეს ყველაფერი თავიდან აგვერიდებინა და ვთვლი, რომ ნაკლებად დემონსტრაციულად უნდა ჩაეტარებინა შს სამინისტროს ეს საგამოძიებო მოქმედებები. მე არ ვარ იურისტი და არ ვსაუბრობ იურიდიულ ენაზე. მე უბრალოდ ვსაუბრობ, როგორც მოქალაქე და ჩემი შეხედულებით შეიძლებოდა ამ ყველაფრის უფრო ჰუმანურად ჩატარება“, – განაცხადა გეთიამ.
მისი თქმით, შსს-სგან მიიღეს ინფორმაცია, რომ კლუბში კვლავ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
„ კონკრეტულ ვადას ვერ გვეუბნებიან აქ არ არის საუბარი თვეებზე, საუბარია დღეებზე. ჩვენ გვაქვს ყოველთვიური ხელფასები გადასახდელი, ასევე ქირა, ასე რომ ზარალი იქნება ძალიან დიდი. ყოველდღიურად იზრდება ზარალის რაოდენობა“, – აღნიშნა ტატო გეთიამ.