„იმ კლუბებში, სადაც ჩვენ საგამოძიებო მოქმედებები ჩავატარეთ, სისტემატურად იყიდებოდა ნარკოტიკული საშუალებები“

დღეს ვისაუბრეთ იმაზე, თუ რატომ ჩავატარეთ სპეცოპერაცია კლუბებში – ამის შესახებ ჟურნალისტებს შს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა სამინისტროში არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ომბუდსმენის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

„მე ვფიქრობ, რომ ჩვენ წარმოვადგინეთ დამაჯერებელი არგუმენტები და ამ ადამიანებს ვაჩვენეთ მტკიცებულებები. მათ წარვუდგინეთ ვიდეო-მასალა, სადაც ასახული იყო უშუალოდ კლუბებში ნარკოტიკული საშუალების გასაღების არაერთი ფაქტი“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

მეზვრიშვილის თქმით, იყო ვიდეო-მასალა, რომელიც გასაჯაროვდა და ასევე იყო მასალა, რომელიც საჯარო არ იყო.

„გასაგებია, რომ ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა ჩვენსა და კლუბის წარმომადგენლებს შორის არსებობს, მათ არ უნდათ გარკვეული ფაქტების აღიარება რიგი მიზეზების გამო, თუმცა ერთი რამ ფაქტია, იმ კლუბებში, სადაც ჩვენ საგამოძიებო მოქმედებები ჩავატარეთ, სისტემატურად იყიდებოდა ნარკოტიკული საშუალებები“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისი თქმით, შეხვედრაზე აზრები გაიყო იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები უშუალოდ კლუბების გარეთ, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან.

“დააყენეს საკითხი იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები უშუალოდ კლუბების გარეთ, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენს შორის აზრები გაიყო, თუმცა ჩვენ ცალსახად ვაცხადებთ – ჩვენ ამ საკითხებს შევისწავლით, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ურთიერთობისას რაიმე სამართალდარღვევას ჰქონდა თუ არა ადგილი. შევისწავლით ყველაფერს, თუმცა არც ჩვენამდე, არც სახალხო დამცველის წარმომადგენლამდე, რაიმე ტიპის დარღვევის შესახებ ინფორმაცია შემოსული არ არის. თუკი ასეთი დაფიქსირდება, მზად ვართ, რომ ინტენსიურად ვითანამშრომლოთ სახალხო დამცველის წარმომადგენელთანაც, სამართალდამცავ ორგანოებთანაც. თუკი ისინი პროკურატურას შესაბამის ფაქტებს მიაწვდიან, ჩვენ მზად ვართ, რომ შესაბამის ორგანოებს ჩვენს ხელთ არსებული მტკიცებულებები მივაწოდოთ“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, შს სამინისტრო ომბუდსმენის აპარატს მტკიცებულებებს მიაწვდის.

“თუ დადასტურდება გადაცდომების ფაქტი, ამაზე შს სამინისტრო მოახდენს რეაგირებას. მე არ ვიცი ამ ადამიანებმა რა თქვეს, მაგრამ ძალიან ლოგიკური შეკითხვა მაქვს – ჩვენ შევისწავლით ჩვენს ხელთ არსებული მტკიცებულებებით და ვიდეოების საფუძველზე, ჰქონდა თუ არა ადგილი რამე გადაცდომას, თუმცა ეს ადამიანები გვეუბნებიან, რომ ვიღაცის უფლებები დაარღვიეს, ვიღაცას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, თუ არ გვითხრეს ვინ არიან პოტენციური მსხვერპლები, როგორ გამოვიძიოთ? ჩვენამდე არანაირი დამამტკიცებელი მასალა არ მოსულა. ჩვენ მათ მტკიცებით ტვირთს კი არ ვადებთ, არამედ ვეუბნებით ,მოგვიტანეთ მასალები, გვითხარით ვინ დაზარალდა, მოვიდეს ადამიანი, მოგვაწოდეთ ინფორმაცია, გამოვიკვლევთ, ობიექტურად შევაფასებთ და მოვახდენთ რეაგირებას“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები