მალხაზ თოფურია მოშიმშილე ვეტერანებს: დიდი მადლობა მათ, რომ გაითვალისწინეს ჩვენი თხოვნა და აქცია ღირსეულად დამთავრდა
„წავიდა ის დრო, როცა მოშიმშილე ვეტერანს შეიძლება ზონდერი მიუქსიო და სცემო, ჩვენ აბსოლუტურად ვიზიარებთ მათ პრობლემებს“ – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრეს-კონფერენციაზე სსიპ ვეტერანების საქმეთა სამსახურის რეგიონული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მალხაზ თოფურიამ განაცხადა.
შინაგანადაც და სამსახურეობრივადაც, ჩვენ ვალდებულნი ვართ, ვეტერანებს მივხედოთ და მათი პრობლემები გადავჭრათ, მე ვერ ვიტყოდი, რომ შიმშილობის აქციის მონაწილენი, რაიმე ისეთს აჟღერებდნენ, რაც ჩვენ პრობლემად არ მიგვაჩნია, თითოეული ვეტერანის პრობლემები ჩვენი პრობლემებია და მათი ტკივილი ჩვენი ტკივილია. თუმცა, ერთს დავამატებდი, რომ საკმაოდ სახიფათოა ჯანმრთელობაშერყეული ადამიანების შიმშილობა. წავიდა ის დრო, როცა მოშიმშილე ვეტერანს შეიძლება ზონდერი მიუქსიო და სცემო, ჩვენ აბსოლუტურად ვიზიარებთ მათ პრობლემებს, უბრალოდ, არ ვეთანხმებით ფორმას, რადგან იგი რადიკალურია. ის მოთხოვნები, რაც მოშიმშილეებს ჰქონდათ, საკმაოდ ლეგიტიმური და კარგად ჩამოყალიბებულია, აქ საუბარია უბრალოდ დროზე, რითაც არც ჩვენ ვართ აღტაცებული. მინდა ავღნიშნო, რომ იმ დღეს, როდესაც ეს ადამიანები შიმშილობას იწყებდნენ, სიმბოლურად დაემთხვა, რომ პრემიერმა გააჟღერა მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთათვის პენსიის გაორმაგება, რაც მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა გახლდათ. რაც შეეხება ვეტერანთა ჰოსპიტალის პრობლემას, ეს პრობლემაც გადაწყვეტის პროცესშია, მიმდინარეობს დროებითი შენობის სარემონტო სამუშაოები და საუბარია პროფილირებული ვეტერანების ჰოსპიტალის მშენებლობაზე (უკვე გამოყოფილია ტერიტორია). რაც შეეხება კანონებს, რა თქმა უნდა, არსებული კანონმდებლობა არც ჩვენ მოგვწონს, სასაცილოა 22-ლარიანი სუბსიდია, რომელსაც ყველა ვეტერანი ვერც იღებს, ეს კანონი 2009 წელს მიიღო პარლამენტმა და რა თქმა უნდა, შესაცვლელია, რამდენად სწრაფად იქნება შესაძლებელი, რომ ეს თანხა გაიზარდოს და ყველას მიეცეს, ეს ბიუჯეტზეა დამოკიდებული. მოხარული ვარ, რომ მოშიმშილეებმა დაინახეს, რომ ჩვენთვის სულერთი არაა მათი მდგომარეობა, და რომ მათ სოლიდარობას ვუცხადებთ. დიდი მადლობა მათ, რომ გაითვალისწინეს ჩვენი თხოვნა და აქცია ღირსეულად დამთავრდა”, – აცხადებს თოფურია.