„ახალგაზრდა ადვოკატები“: უზენაესი სასამართლო როლანდ ბლადაძის საქმეზე გადაწყვეტილებას 30 მაისს გამოაცხადებს

საქართველოს უზენაესი სასამართლო სახელმწიფოსთან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახით და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის სადავო, ჩამორთმეულ ქონებაზე მიღებულ გადაწყვეტილებას 2018 წლის 30 მაისს გამოაცხადებს. საკასაციო სასამართლომ როლანდ ბლადაძის ადვოკატის, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის დასკვნითი სიტყვა მოისმინა და მოპასუხე მხარეების პოზიციები შეაჯერა. სასამართლო დასკვნით სხდომაზე საქმეში არსებულ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თითქმის 6 საათის განმავლობაში მსჯელობდა და მოსამართლეების წინაშე ყველა იურიდიულად პრობლემატურ საკითხს პასუხი გაეცა.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იმ საფუძვლით, რომ სახელმწიფო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახით, კიდევ ერთხელ გამოხატავს მზადყოფნას როლანდ ბლადაძის მიმართ ალტერნატიული ფართის გადაცემაზე, გადაწყვეტილების გამოცხადების ორი კვირით გადადება გონივრულ ვადად მიიჩნია.

“სასამართლოს დასკვნითი პოზიციით, რომელიც ეხება სახელმწიფოს მიმართ მკაფიოდ არსებულ გზავნილს, როლანდ ბლადაძის მიმართ სახელმწიფოს უკანონო მოქმედებების შედეგად მიყენებული ქონებრივი და არაქონებრივი ზიანი გაცილებით მეტია, ვიდრე ჩამორთმეული ქონების დღევანდელი საბაზრო ღირებულება. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც დაზარალებული უარს ამბობდა სახელმწიფო მიმართ ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო ორგანოებში ყოველგვარ სარჩელზე, საჩივარსა და მიმართვაზე, სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული დამოკიდებულებები საჭიროებდა სწორი სამართლებრივი და პოლიტიკური დასკვნების გაკეთებას. სასამართლომ იმედი გამოთქვა, რომ საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადებამდე მორიგების მიღწევა იქნება ყველა მხარის ისტორიული გამარჯვება და დავის ღირსეულად დასრულება. შესაბამისად, სასამართლომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოუწოდა, სერიოზულობით მოპყრობოდა დასმულ საკითხს.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, უზენაესმა სასამართლომ როლანდ ბლადაძის საკასაციო საჩივარი, არსებითი განხილვისთვის დასაშვებად, პრეცედენტული დავის სტატუსით, 2017 წლის 15 სექტემბერს მიიღო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოდან საქმეზე 2017 წლის 15 სექტემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში აღნიშნულია შემდეგი: „საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და დაადგინა: როლანდ ბლადაძის საკააციო საჩივარი ცნობილ იქნეს დასაშვებად“. სასამართლოს მიერ მითითებული კანონის თანახმად, „საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას“”,- აცხადებს “ახალგაზრდა ადვოკატები”.

როლანდ ბლადაძის საქმე ნინო ბაქაქურმა (თავმჯდომარე), ბესარიონ ალავიძემ და ზურაბ ძლიერიშვილმა განიხილეს. გადაწყვეტილება 30 მაისს, 14:00 საათზე გამოცხადდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები