მეცნიერების მტკიცებით, ტუტანჰამონის აკლდამაში, საიდუმლო ოთახები არ აღმოჩნდა

ეგვიპტის ხელისუფლებამ ტუტანჰამონის აკლდამაში საიდუმლო ოთახების ძებნის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, რადგან მეცნიერების თქმით, ასეთი ოთახები აკლდამაში, უბრალოდ, არ არსებობს.

მანამდე კი ეგვიპტოლოგების გარკვეული გუნდის მტკიცებით, 3 ათასი წლის ყველასათვის ცნობილი აკლდამის კედლებს მიღმა, საიდუმლო ოთახი მდებარეობდა.

ერთ-ერთი თეორიის თანახმად, შესაძლოა, სწორედ ამ საიდუმლო ოთახში ყოფილიყო დასვენებული ნეფერტიტის მუმიაც, რომელიც ზოგიერთი მეცნიერის მტკიცებით, ტუტანჰამონის დედაა. თუმცა, ახლახანს გაირკვა, რომ აკლდამაში არანაირი საიდუმლო ოთახები არ არსებობს.
საიდუმლო ოთახის ძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ბრიტანელმა არქეოლოგმა, ნიკოლას რივზმა, რომელიც აკლდამაში გადაღებულ სურათებს ათვალიერებდა, საიდუმლო ოთახში შესასვლელი ამოქოლილი კარის კონტურები შეამჩნია.
მეცნიერი მის მიერ 2015 წელს დაწერილ სტატიაში ამტკიცებდა, რომ საკმაოდ მცირე ზომების აკლდამა, თავდაპირველად, ნეფერტიტისთვის იყო გამიზნული, რომელიც ფარაონ ეხნატონის მეუღლე და ტუტანჰამონის მამა იყო. მისი აზრით, ნეფერტიტის ცხედრის ნაწილები, შესაძლოა, აკლდამის სიღრმეებში ყოფილიყო დამალული.
დედოფალ ნეფერტიტის ნეშტი ამ დრომდე არაა ნაპოვნი, თუმცა, ნეფერტიტის ჩინებულად შენარჩუნებულმა ბიუსტმა, მის გარშემო, არაერთ ლეგენდას დაუდო საფუძველი. ნეფერტიტი ძველი ეგვიპტის ყველაზე ცნობილი დედოფალია.
არსებობს მოსაზრება, რომ ნეფერტიტი ეგვიპტეს მართავდა მისი ქმრის გარდაცვალების შემდეგ, ტუტანჰამონის აღზევებამდე.
რივზის თეორიის თანახმად, როდესაც ტუტანჰამონი მოულოდნელად, ჯერ კიდევ ახალგაზრდა გარდაიცვალა, მისი დაკრძალვა ნაჩქარევად, ნეფერტიტის აკლდამის ერთ-ერთ სექციაში მოუწიათ, რომელიც მეფეთა ხეობაში მდებარეობს.
ეხნატონმა სახელი იმით გაითქვა, რომ ეგვიპტეში მონოთეიზმის დანერგვას შეეცადა.
ჩატარებული დნმ-ის ანალიზით დადგინდა, რომ ეხნატონი მართლაც ტუტანჰამონის მამა იყო, თუმცა ტუტანჰამონის დედის თაობაზე, ეგვიპტოლოგებს შორის, ამ დრომდე კამათი მიმდინარეობს.
რივზის სენსაციური სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, აკლდამის სრული სკანირება მოხდა, რომლის შედეგებმაც თითქოსდა დაადასტურეს მისი თეორია. მაშინ ეგვიპტის კულტურული მემკვიდრეობის მინისტრმა განაცხადა, რომ საიდუმლო ოთახის არსებობაში 90%-ით დარწმუნებული იყო.
განმეორებითმა სკანირებამ იგივე დასკვნების გამოტანის საშუალება მისცა სამეცნიერო სამყაროს. საიდუმლო ოთახის აღმოჩენა, წესით, ასწლეულის სენსაცია უნდა გამხდარიყო.
მოგვიანებით კი, ტურინის უნივერსიტეტის გეოლოგების მიერ ჩატარებულმა სკანირებამ საპირისპირო შედეგი აჩვენა.
„ალბათ ბევრისთის იმედგაცრუებაა ის ფაქტი, რომ ტუტანჰამონის აკლდამაში არაფერი აღმოჩნდა“-ამის შესახებ მკვლევართა გუნდის ხელმძღვანელმა, იტალიელმა ფრანცესკო პორჩელიმ განაცხადა.
პორჩელიმ ასევე განმარტა, რომ კვლევის დროს, მისმა გუნდმა ჩატარებული სამი სკანირების შედეგები გააანალიზა და მათი ჯვარედინი შედარება მოახდინა, მონაცემებში უზუსტობების აღმოსაფხვრელად. პორჩელის აზრით, სწორედ ამ უზუსტობებმა შეუწყო მცდარი დასკვნის გაკეთებას ხელი.
საბოლოოდ, ეგვიპტის კულტურული მემკვიდრეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა იტალიელი მეცნიერების მიერ მიღებული შედეგები აღიარეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები