ირანი ახალ შეთანხმებას ბირთვულ უსაფრთხოებაზე ხელს არ მოაწერს
ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მუჰამედ ჯავად ზარიფმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მოთხოვნები, ირანთან დადებული ბირთვული შეთანხმების პირობების შეცვლასთან დაკავშირებით, ირანისთის სრულიად მიუღებელია. „ირანი არ დათანხმდება არსებული შეთანხმების პირობების ჩასწორებას. ჩვენ ყველა დეტალზე რამდენიმე წლის წინ შევთანხმდით, როცა შეთანხმებას ხელი ეწერებოდა“-განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ევროპის ქვეყნების ლიდერებს ირანთან ბირთვული შეთანხმების პირობების შეცვლისთვის ვადა დაუწესა, ულტიმატუმი კი უახლოეს დღეებში იწურება. ტრამპმა ევროპის ლიდერ ქვეყნებს ვადა 12 მაისამდე მისცა შეთანხმებაში „საშინელი შეცდომების“ მოსაგვარებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში ტრამპი ირანს ნავთობის წარმოებაზე კვლავაც სანქციებს დაუწესებს.
მას შემდეგ, ევროპის ლიდერები არაერთხელ ეცადნენ ტრამპს ირანთან მიმართებაში პოზიცია შეეცვალა და ამით ბირთვული შეთანხმება ანულირებისგან გადაერჩინათ, თუმცა მოლაპარაკებებმა ამ დრომდე შედეგი არ გამოიღო. ევროპელი ლიდერები კი ერთხმად აცხადებენ, რომ ირანი მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს ზედმიწევნით ასრულებს, რასაც ამერიკული სადაზვერვო მასალებიც ადასტურებს.