გაერო-ს ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესმა კომისარმა, ისრაელის ჯარების ქმედებები, სასტიკად დაგმო
გაერო-ს ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესმა კომისარმა, ზეიდ რა’ად ალ ჰუსეინმა, ისრაელის ქმედებები ღაზას სექტორში, მწვავედ გააკრიტიკა. მისი განცხადებით, ისრაელის ჯარებმა ღაზას სექტორში ძალას გადაამეტეს, რამაც უამრავი პალესტინელის სიცოცხლე შეიწირა. მანვე აღნიშნა, რომ ბოლო ოთხი კვირის მანძილზე, ღაზას სექტორში ებრაელმა ჯარისკაცებმა 42 პალესტინელი მოკლეს, ხოლო 5500 ადამიანი დაჭრეს. ამასთან, ზეიდ რა’ად ალ ჰუსეინმა განაცხადა, რომ დაპირისპირების შედეგად ისრაელის მხარეს არავინ გარდაცვლილა.
„საშინელებაა, როდესაც ადამიანები იღუპებან. გარდაცვლილთა და დაშავებულთა ამხელა რიცხვი იმაზე მეტყველებს, რომ ისრაელის მხრიდან ძალის გადამეტებას ჰქონდა ადგილი“- განაცხადა გაერო-ს ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესმა კომისარმა, ზეიდ რა’ად ალ ჰუსეინმა.
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში, გაერო-ს უმაღლესი კომისრის განცხადების საპასუხოდ, ჯერ კომენტარი არავის გაუკეთებია, თუმცა, მანამდე ისრაელის მთავრობამ არაერთხელ გააჟღერა, რომ ღაზას სექტორში საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტების თავიდან ასაცილებლად, ყველა საჭირო ზომას მიმართავს.
„საერთაშორისო კანონმდებლობის მიხედვით, ლეტალური იარაღის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ უკიდურეს სიტუაციაში, თუმცა, შორი მანძილიდან ნასროლი ქვები და მოლოტოვის კოქტეილები მსგავს საფრთხეს ვერანაირად შეუქმნიდა ადმინისტრაციულ საზღვარზე დისლოცირებულ ისრაელის არმიას“-აღნიშნა კომისარმა.
ბოლო ერთი თვის მანძილზე, ებრაელმა სამხედროებმა, 42 პალესტინელი მოკლეს, ღაზას სექტორის სიახლოვეს მდებარე სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილთაგან 4 ბავშვია, რომლებიც ებრაელმა სამხედროებმა სნაიპერული შაშხანიდან გასროლით გამოასალმეს სიცოცხლეს. ოთხივე მათგანს, ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობა, თავის არეში აღენიშნებოდა.