ერევანში საპროტესტო აქცის მონაწილეები ამ წუთებში პარლამენტის შენობისკენ დაიძრნენ
სომხეთის რადიკალური ოპოზიციის ლიდერმა, ნიკოლ ფაშინიანმა მომიტინგეებს ბაგრამიანის პროსპექტისკენ გადანაცვლებისკენ მოუწოდა. სწორედ აქ მდებარეობს სომხეთის პარლამენტის შენობა.
მანამდე კი, აქციის მონაწილეებმა, ქალაქში მდებარე ერთ-ერთ ხიდზე, მოძრაობა გადაკეტეს. მოგვიანებით მათ ოპოზიციის ლიდერი, ნიკოლ ფაშინიანიც შეუერთდა.
ამ წუთებში აქციის მონაწილეები და ოპოზიციის ლიდერები კომიტასის პროსპექტზე იმყოფებიან და პარლამეტის შენობის მიმართულებით მოძრაობენ.
სომხეთში საპროტესტო აქციების ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც სომხეთის პრემიერ-მინისტრად ყოფილი პრეზიდენტი, სერჟ სარგსიანი დაინიშნა. 11-დღიანი საპროტესტო აქციების შედეგად, სარგსიანი იძულებული გახდა თანამდებობა დაეტოვებინა. ამჟამად მომიტინგეები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და მანამდე დროებითი მინისტრთა კაბინეტის დანიშვნას მოითხოვენ.