სომხეთის ოპოზიცია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს
ერევნის ცენტრში მდებარე რესპუბლიკის მოედანზე, ამ წუთებში, სპეციალური აპარატურის მონტაჟი მიმდინარეობს. რამდენიმე საათში აქ ოპოზიციის მიტინგი გაიმართება.
ადგილზე ნელ-ნელა უკვე იკრიბებიან ნიკოლ ფაშინიანის მომხრეები. მიტინგი, ადგილობრივი დროით, დილის 11 საათზე დაიწყება. რადიკალური ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი გეგმავს, რომ მიტინგზე ქვეყნის პირველ ვიცე-პრემიერ, კარენ კარაპეტიანს ოპოზიციის მოთხოვნების შესრულების ულტიმატუმი წაუყენოს და ამ მოთხოვნების გათვალისწინებით გაიმართოს შეხვედრა მასსა და კარაპეტიანს შორის.
ოპოზიცია მოითხოვს, რომ მოხდეს დროებითი მთავრობის დანიშვნა და ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს. აქციის პარალელურად, ნიკოლ ფაშინიანსა და კარენ კარაპეტიანს შორისაც გაიმართება მოლაპარაკებები, თუმცა შესაძლოა შეხვედრა ოპოზიციის რადიკალური მოთხოვნების გამო ჩაიშალოს.
მიმდინარე პროცესების პარალელურად, ერევანში მდებარე ყველა უნივერსიტეტის სტუდენტები დღეს დემონსტრაციულად დატოვებენ შენობას და სახალხო მიტინგს შეუერთდებიან.