ბოლო ერთ კვირაში ნიკარაგუაში მიმდინარე საპროტესტო აქციების შედეგად 30-მდე ადამიანია გარდაცვლილი
ნიკარაგუას პოლიციის ინფორმაციით, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციისას მომხდარი ინციდენტის შედეგად 2 პოლიციელი გარდაიცვალა, ხოლო 121 დაშავდა, რომლებიც ამ დროისთვის საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ბოლო დღეებში, ქვეყნის დედაქალაქში მომხდარი შეტაკებების შედეგად, 30 ადამიანია გარდაცვლილი, თუმცა ამის შესახებ მთავრობა ინფორმაციას არ ავრცელებს.
ადგილობრივი ტელევიზიის ინფორმაციით, არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, კარდინალი ლეოპოლდ ბრენესუ ქვეყნის პრეზიდენტს, დანიელ ორტეგას შეხვდა და მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს.
ცნობილია, რომ კარდინალს დაპირისპირებულ მხარეებს შორის მომრიგებლის როლი აკისრია.
ნიკარაგუაში საპროტესტო აქციები 18 აპრილიდან იმართება. უკმაყოფილება კი ახალ კანონპროექტს მოჰყვა, რომლის მიხედვითაც მოქალაქეების ხელფასიდან სოციალური ფონდების სასარგებლოდ, გაცილებით უფრო მეტი თანხების გადარიცხვა უნდა მოხდეს.
სიტუაციის უკიდურესად დაძაბვის გამო, ქვეყნის სამღვდელოება იძულებული გახდა პროცესებში ჩარეულიყო და მედიატორის როლი ეკისრა დაპირისპირებულ მხარეებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში.