საქართველო ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სემინარს მასპინძლობს

საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობით, 23-25 აპრილს, საქართველო საერთაშორისო საპარლამენტო ფორუმს მასპინძლობს. ბათუმში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის რიგით 97-ე სემინარი გაიხსნა.

სემინარის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი სესიაშვილმა მიმართა.

„ჩვენ დღეს აქ შევიკრიბეთ იმისათვის, რომ ვისაუბროთ მშვიდობაზე, უსაფრთხოებაზე, დემოკრატიაზე. იმისათვის, რომ ჩვენი რეგიონი და მსოფლიო იყოს მშვიდობიანი და კიდევ უკეთესი ჩვენი მოქალაქეებისთვის და ნებისმიერი ადამიანისთვის. ერთი წელი გავიდა რაც საქართველოს ნატოს საპარლამენტო ასამბლეას უმასპინძლა თბილისში და ერთი წლის თავზე ჩვენ ისევ ვხვდებით საქართველოში, რაც ჩვენთვის დიდი პატივია“,- აღნიშნა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა.

მან საქართველოს დამოუკიდებლობისკენ სვლის ისტორიაზე ისაუბრა და ამ მიმართულებით ბათუმის, როგორც დამოუკიდებელი საქართველოს ერთგვარ სიმბოლოზე გაამახვილა ყურადღება. ირაკლი სესიაშვილმა საქართველოში და რეგიონში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

„საქართველო წელს, 26 მაისს იზეიმებს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილეს, ეს ჩვენთვის ღირსშესანიშნავი და მნიშვნელოვანი თარიღია. თითქმის ასი წელი გავიდა და ჩვენ სამწუხაროდ, კვლავ გვიწევს საუბარი ოკუპაციაზე. რუსეთის  მიერ ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიები, აფხაზეთი და ცხინვალი, ანექსია მოხდა ყირიმის, გრძელდება ოკუპაცია აღმოსავლეთ უკრაინის, სხვა ქვეყნებშიც არის დაძაბული ვითარება, რომელიც გამოწვეულია ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის პოლიტიკის გამო და ეს ყველა ჩვენთაგანისთვის მიუღებელია”,- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

„ჩვენი თანამშრომლობა ნატოსთან არის ყველაზე ძლიერი და ფართომასშტაბიანი, ვიდრე ოდესმე ყოფილა და ეს ჩვენ შევძელით ჩვენი გეგმაზომიერი და გონივრული ნაბიჯებით.  ჩვენ ეს შევძელით თქვენი, ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით და ის პროგრესი და განვითარება რომელიც დღეს საქართველოს აქვს, არის ჩვენი დასავლელი პარტნიორების მტკიცე და ურყევი მხარდაჭერის დამსახურებით“,-განაცხადა მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.

მინისტრი მიესალმა სესიის მონაწილეებს და აღნიშნა, რომ საქართველოში, ბათუმში შეკრება ნამდვილად დიდი შესაძლებლობაა, რადგან ერთობლივად განიხილება გეოპოლიტიკური გამოწვევები და საქართველოს პროგრესი, რომელიც მიღწეულია ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.

მიხეილ ჯანელიძემ საქართველოს დამოუკიდებლობისკენ სვლის ისტორიულ გზაზე და გამოწვევებზე საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოს ჯერ კიდევ ასი წლის წინ განსაზღვრა თავისი პოლიტიკა, როგორც ევროპული დემოკრატიისადმი სწრაფვა და ამან ძალიან დიდი როლი ითამაშა საქართველოს ისტორიული  დასავლური ინტეგრაციის მისწრაფებების გამყარებაში და განმტკიცებაში.

„ჩვენმა მოქალაქეებმა მტკიცედ აირჩიეს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა, რადგანაც ეს არის გზა მტკიცე დემოკრატიის კენ, ეს არის გზა ადამიანის უფლებების დაცვისკენ და ეს არის გზა ეკონომიკური განვითარებისკენ და კეთილდღეობისკენ. ძალიან ბევრ სირთულეს გავუმკლავდით ჩვენ ამ პროცესში და დღეს ჩვენ ვართ ევროატლანტიკურ ინსტიტუტებთან ყველაზე ახლოს, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ“,-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე საუბრისას მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს ხელისუფლების მშვიდობიან პოლიტიკას. მისივე თქმით, ხელისუფლება ცდილობს ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროგრესი  თითოეული მოქალაქისთვის, რომელიც ცხოვრობს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში  იყოს ხელმისაწვდომი. მინისტრის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რათა პრაქტიკული ინსტრუმენტები გამოიყენოს ეფექტურად და საქართველოს წევრობა გახადოს შესაძლებელი და რეალური.

„ჩვენ გვაქვს არჩეული გზა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების და მიუხედავად აგრესიისა და პროვოკაციებისა, რომელიც ყოველდღიურად ხორციელდება ჩვენ ამ გზას არ გადავუხვევთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის პრაქტიკული მხარდაჭერა, რომელიც ჩვენ გვაქვს ნატოს წევრი სახელმწიფოების მხრიდან. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ჩვენ გვაქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელსაც ჩვენ მივყავართ წევრობამდე და  ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ეს პრაქტიკული ინსტრუმენტები გამოვიყენოთ ეფექტურად და საქართველოს წევრობა გავხადოთ შესაძლებელი და რეალური“,- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

საერთაშორისო სემინარის მონაწილეებს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია მიესალმა: „ჩვენ წლების განმავლობაში დავიწყეთ რა ნატოსთან მჭიდრო თანამშროლობა ვიღებთ მტკიცე მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის პრინციპის დაცვის კუთხით. ასევე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით და ეს არის პრინციპული პოზიციები, რომლებიც თქვენთან ერთად, მომავალ წლებშიც უნდა გავამტკიცოთ და შედეგამდე მივიყვანოთ – რასაც ქვია  საქართველოს ნატოში ინტეგრაცია და მშვიდობიანი გზით, ოკუპირებული ტერიტორიების საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებში დაბრუნება“, – განაცხადა მინისტრმა.

ლევან იზორიამ თავის გამოსვლაში ყურადღება ბოლო წლებში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე გაამახვილა და თავდაცვის მიმართულებით გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, რეფორმების შედეგად არსებული პროგრესი აღიარებულ იქნა პარტნიორი სახელმწიფოების მხრიდან და საქართველოს წარმატებების უკეთ გაცნობის მიზნით, სამინისტრო ერთ თვეში საერთაშორისო კონფერენციას გამართავს, რომელზეც საქართველოს გამოცდილება და არსებული წარმატებები ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებისთვის იქნება გაზიარებული. მინისტრმა თავდაცვის სისტემაში განხორციელებულ რეფორმებზე დეტალურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ უწყების აქტივობები ნატოს სტანდარტების სრულ თანხვედრაშია.

„წლევანდელი წელი ჩვენ ლოგისტიკის განვითარების წლად გამოვაცხადეთ, რითაც აბსოლუტურ თანხვედრაში ვართ ნატოს მიერ წელს გამოცხადებულ პრიორიტეტებთან. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ სამშვიდობო მისიებში მონაწილეობას და ამ ვალდებულებას მომავალშიც გავაგრძელებთ, რადგან ჩვენი სიძლიერე წარმოდგენილი გვაქვს მხოლოდ ნატოსთან, ევროკავშირთან და დასავლურ ცივილიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

სემინარის გახსნით ნაწილში, ღონისძიების მონაწილეების წინაშე, მისასალმებელი სიტყვით ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი, როსარია პულისი წარსდგა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს კონფერენცია შექმნის შესაძლებლობებს, რომ მოხდეს ყველა მოსაზრებისა და შეხედულების გაცვლა. ეს იქმნება არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, რომ დავიცვათ და გავაძლიეროთ  ჩვენი ინსტიტუტები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ ყველა ჩვენი ქვეყნისათვის“,-განაცხადა  როსარია პულისმა.

მან ხაზი გაუსვა რომ სემინარი  საქართველოსთვის ისეთ მნიშვნელოვან თარიღს ემთხვევა, როგორიცაა დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე და ამასთან ერთდ, ეს არის წელი, როდესაც ქვეყანა განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებების შესაბამისად, სრულად გადავა საპარლამენტო სისტემაზე.

„აღმასრულებელი შტოს საქმიანობაში პარლამენტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რათა დაცული იყოს დემოკრატიის მთავარი პრინციპები: ინდივიდუალური თავისუფლება და კანონის უზენაესობა, რომელიც სრულად აისახება ევროატლანტიკურ შეთანხმებაში, იმისათვის, რომ გვქონდეს ფუნქციონირებადი ინსტიტუტები, რომელიც აღასრულებს მოქალაქეთა საჭიროებებს და იმოქმედებს მტკიცედ, როგორც მშვიდობის, ისე ომის პერიოდში“,-განაცხადა როსარია პულისმა.

საერთაშორისო სემინარის მონაწილეებს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სახელით, მისი პრეზიდენტი, პაოლო ალი მიესალმა და ქართულ მხარეს ღონისძიების ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა.

„საქართველომ წინა წელს ნატოს საპარლამენტო ასამბლეას უმასპინძლა, სადაც აღინიშნა ქვეყნისთვის საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობა და გაამყარა საქართველოს ნატოსთან ინტეგრაციის პროცესი. საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი და ამისთვის უნდა გავაგრძელოთ ერთობლივი ძალისხმევა. ეს არა არის მარტივი პროცესი, ამას ჭირდება დრო და დაწყებული რეფორმების გაგრძელება. ეს ინტეგრაცია არის ტრანსფორმაციის საშუალება – დემოკრატიისა და ეკონომიკურიგანვითარების გარანტი.

ვიცით, რამდენად მონდომებულია საქართველოს, რომ მიაღწიოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ნატომ ევროკავშირმა და საქართველომ ერთად უნდა იზრუნონ, რომ შეინარჩუნონეს დინამიკა“, – განაცხადა პაოლო ალიმ.

აჭარის რეგიონში საერთაშორისო სემინარის გამართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელმა, ზურაბ პატარაძემ. მისი განცხადებით, ბათუმისთვის დიდი პატივია საერთაშორისო მნიშვნელობის შეხვედრის მასპინძლობა, რაც მის ცნობადობას და პოპულარობას კიდევ უფრო ზრდის. მთავრობის ხელმძღვანელმა ნატოს კვირეული ფარგლებში, გუშინ  ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საინტერესო შეხვედრას არა მხოლოდ აკადემიური წრეების წარმომადგენლები და სტუდენტები დაესწრნენ, არამედ დისკუსიაში მონაწილეობა რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა მიიღო, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ნატოს თემატიკასთან დაკავშირებით მოსახლეობის ჩართულობა და დაინტერესება დიდია.

„ჩვენ ყოველდღიურად ვუახლოვდებით ნატოს და მნიშვნელოვანია ამ პროცესებზე მოსახლეობა სრულად იყოს ინფორმირებული და გაიზარდოს მათი ცნობიერება“, – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

მისასალმებელი გამოსვლების შემდეგ, საერთაშორისო სემინარი პარლამენტის თავმჯდომარის და საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლებით გაგრძელდა, რომლებმაც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგზე მოხსენებები წარმოადგინეს და დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები