“სამწუხაროა ადამიანის გარდაცვალება, მაგრამ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისთვის უსაფრთხოების ნათელი რეკომენდაციებია გაცემული”

“დაავადებათა კონტროლის ცენტრს ცალსახა რეკომენდაციები აქვს გამოქვეყნებული იმ პრეპარატებზე, რომლის გამოყენებაც არის შესაძლებელი სახლში და სივრცეებში, თუმცა თითოეულ მათგანს თან ახლავს ძალიან ნათელი უსაფრთხოების რეკომენდაციები, თუ რა უნდა იყოს დაცული ასეთ შემთხვევაში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გუშინ მამაკაცის გარდაცვალების საკითხზე დასმულ კითხვაზე განუცხადა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, უახლოეს დღეებში ექსპერტიზის ბიურო მოამზადებს დასკვნას, რამ გამოიწვია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მამაკაცის გარდაცვალება.
„რაც შეეხება ფაროსანასთან ბრძოლის საშუალებებს, რამდენიმე მიმართულებას მოიცავს და ერთ-ერთი არის შხამქიმიკატები, რითაც ხდება შეწამვლა. ძალიან ცალსახადაა გამიჯნული კონკრეტული კომპეტენციის სფეროები. რაც შეეხება სახლს, შიდა სივრცეებს, მთლიანად დაავადებათა კონტროლის ცენტრის კომპეტენციაა. როდესაც სახლს გარეთ ტერიტორიაზეა გამოყენებული საშუალებები, ძირითადად ამით არის დაკავებული გარემოს და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. თუმცა, ჩვენ კოორდინაციაში ვართ და ცალსახად არის გამოყოფილი იმ პრეპარატების ჩამონათვალი, რომელიც შეიძლება მხოლოდ სახლს გარეთ სივრცეში იქნას გამოყენებული.
რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, მე ძალიან ვწუხვარ და გული მტკივა, რომ ამ ადამიანმა სიცოცხლე დაკარგა, თუმცა ნამდვილად არ უნდა ვიჩქაროთ დასკვნების გამოტანა, რითი იყო გამოწვეული, რადგან ჩვენ დღეს და გუშინ გვიან საღამოსაც გვქონდა ექსპერტიზის ბიუროსთან კომუნიკაცია. მათ უკვე სინჯები აქვთ აღებული და იმედი მაქვს, უახლოეს დღეებში მოგვცემენ დასკვნას, რამ გამოიწვია გარდაცვალება“, – განაცხადა სერგეენკომ.
შეგახსენებთ, გუშინ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა. ახლობლების განცხადებით, იგი შეუძლოდ მას შემდეგ გახდა, რაც საკუთარი სახლის სხვენში ფაროსანასა და სხვა მწერების საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები დაასრულა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა ის ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა, თუმცა პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები