ზურაბ გელენიძე: ტყიბულის შახტაში წარიმართება აუდიტის პროცესი, რომელიც წარმოაჩენს, ღირს თუ არა შახტაში ოპერირება

მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მოწვეული იყოს საერთაშორისო სტანდარტების მქონე კომპანია, რომელიც შეაფასებს, ზოგადად, რამდენად არის შახტაში უსაფრთხოების ნორმები დაცული, – შესაბამისი განცხადება „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა ზურაბ გელენიძემ სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
მისი თქმით, ამის შემდეგ განისაზღვრება ღონისძიებების ნუსხა.
„მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მოწვეული იყოს საერთაშორისო სტანდარტების მქონე კომპანია, რომელიც შეაფასებს, ზოგადად, რამდენად არის შახტაში უსაფრთხოების ნორმები დაცული. ასევე იმას, თუ რამდენად შეიძლება შახტაში უსაფრთხოების ნორმების დაცვა იმგვარად, რომ მაქსიმალურად იყოს გამორიცხული ფატალური შემთხვევები. ამის შემდეგ განისაზღვრება ღონისძიებების ნუსხა. ხოლო კომპანია განსაზღვრავს ამ ფორმატში, რამდენად აქვს სურვილი გააგრძელოს საქმიანობა. ჩვენ მზად ვართ, რომ სრულად და გამჭვირვალედ დასრულდეს საგამოძიებო პროცესი, მზად ვართ ყველა შედეგისთვის. ამავდროულად წარიმართება აუდიტის პროცესი, რომელიც იტყვის, ღირს თუ არა შახტაში ოპერირება. ჩვენ, ჩვენი მხრივ, მაქსიმალური გავაკეთეთ რისკების მინიმალიზაციისთვის, რაც იქ არსებობდა და ჯანდაცვის ყველა მტკივნეული და კატეგორიული მოთხოვნა დაკმაყოფილდა, თუმცა, სავალალო შედეგი მაინც დადგა“, – განაცხადა ზურაბ გელენიძემ.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე მათ კომპანიაში სულ 1 500–მდე პირია დასაქმებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები