კახა კახიშვილი: შეწყალების კომისიის წევრი შესაძლოა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენელიც გახდეს

0

შეწყალების კომისია, შესაძლოა, გაფართოვდეს და მასში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენელიც შევიდეს, – ამის შესახებ პრეზიდენტთან და კომისიის წევრებთან შეხვედრის შემდეგ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, კახა კახიშვილმა განაცხადა.

გარდა ამისა, კახიშვილის ინფორმაციით, შეხვედრზე საუბარი იყო იმაზეც, რომ ძალადობრივი დანაშაულის შემთხვევაში კომისიის წევრებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უშუალოდ მსჯავრდებულთან ზეპირი გასაუბრების შესაძლებლობა მიეცეთ.

“საქართველოს პრეზიდენტთან და შეწყალების კომისიის წევრებთან ძალიან კარგი სამუშაო შეხვედრა გვქონდა. შეხვედრის ფარგლებში გავუზიარეთ ჩვენი გამოცდილება, რაც გვაქვს პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხებთან დაკავშირებით. შევთანხმდით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, სადაც იქნება ინფორმაციის უფრო სწრაფი გაცვლა. აუცილებელია, ერთი მხრივ, ჰუმანური აქტები იყოს შენარჩუნებული, მაგრამ მეორე მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ  შეიქმნას ისეთი მექნიზმები, რომელიც გამორიცხავს ტრაგიკულ შემთხვევებს. დაზღვეული არავინაა, დანაშაული ხდება მაშინაც კი, როდესაც ადამიანს საერთოდ არ ქონია ციხესთან შეხება. ვერასდროს გამოვრიცხავთ ასეთ შემთხვევებს, მაგრამ მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს, რათა ტრაგიკული მოვლენებისგან ვიყოთ დაცული”, – განაცხადა კახიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და შეწყალების კომისიის წევრები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ კახა კახიშვილს  შეხვდნენ. შეხვედრას სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც ესწრებოდა. შეხვედრაზე მსჯავრდებულთა შეწყალების მექანიზმთან და შეწყალების კომისიის მუშაობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი