რას აცხადებს 11 წლის მოზარდის დედა, რომლის ვიდეოსაც ხმაური მოყვა – ბავშვი პანსიონში დააბრუნეს

11 წლის მოზარდი, რომლის ვიდეო-კადრებმა სოციალურ ქსელში გუშინ დიდი გამოხმაურება გამოიწვია, დღეს დედამ მე-200 სკოლა-პანსიონში მიიყვანა.
როგორც „კვირას“ სკოლა-პანსიონის დირექტორმა მარინა უჯმაჯურიძემ განუცხადა, მოზარდი პანსიონში სასწავლო პროცესს გააგრძელებს.
მისივე თქმით, სასწავლო პროცესთან ერთად, გაგრძელდება ბავშვის მკურნალობაც.
„დღეს დილით, 11 წლის მოზარდი, დედასთან ერთად მოვიდა. ბავშვი მშვიდად არის და ის სასწავლო პროცესს გააგრძელებს. ამასთან, მოზარდის მკურნალი ექიმის დანიშნულების შესაბამისად, მკურნალობა გაგრძელდება“ – აცხადებს მარინა უჯმაჯურიძე.
„კვირა“ მოზარდის დედას მადონა ცხვარაძესაც გაესაუბრა.
დედას პრეტენზია აქვს იმ პირის მიმართ, ვინც მის დაუკითხავად ვიდეო გადაიღო და შემდეგ სოციალურ ქსელში განათავსა.
მისი თქმით, პირმა, ვინც ეს ჩაიდინა, მისი უფლებები დაარღვია.
„ძალიან მაინტერსებს იმ ადამიანის ვინაობა, რომელმაც ჩემს დაუკითხავად ვიდეო გადაუღო ჩემს შვილს და მერე ამბავი ატეხა. მან არამარტო ჩემი, ჩემი შვილის უფლებებიც დაარღვია. გუშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ამას ვინმე სხვანაირად გამოიყენებდა“, – აცხადებს დედა.
11 წლის მოზარდი სკოლა-პანსიონში სწავლას ზაფხულის არდადაგებამდე გააგრძელებს. ზაფხულის არდადაგებს კი, იგი მშობლებთან ერთად, სოფელში გაატარებს.
შეგახსენებთ, რომ 11 წლის მოზარდი, რომელსაც ინკლუზიური სწავლება ესაჭიროება, თბილისის მე-200 სკოლა-პანსიონში სწავლობს. საგაზაფხულო არდადადაგების შემდეგ, პატარას პანსიონატში დაბრუნება აღარ სურდა და მშობლებს სახლში დაბრუნებას სთხოვდა. 
ბიჭუნა „თბილისი ცენტრალის“ ტერიტორიაზე მშობლებთან ერთად იმყოფებოდა და ტიროდა. აღნიშნული ფაქტი, უცნობმა პირმა გადაიღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა. რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
მოზარდი, რომელსაც ორი სხვადასხვა პათოლოგია აღენიშნება, გუშინ ბავშვთა ფსიქიატრიულში მოათავსეს. იგი გუშინვე სახალხო დამცველმა ინახულა. შესაბამისი სამედიცინო მკურნალობის შემდეგ, 11 წლის ბიჭუნამ დღეს ფსიქიატრიული საავადმყოფო დატოვა და დედამ სკოლა- პანსიონში მიიყვანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები