საქართველოში ადრეულ ასაკში ქორწინება მთელი ქვეყნის მასშტაბითაა გავრცელებული – კვლევის შედეგები

2017 წელს ადრეულ ასაკში ქორწინებისა და ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრების საზიანო პრაქტიკის შესახებ ჩატარებულ კვლევაში აღნიშნულია, რომ ადრეულ ასაკში ქორწინება საქართველოს მთელი მასშტაბითაა გავრცელებული, მათ შორის, დედაქალაქში.
კვლევის მიხედვით, ის ასევე გვხვდება სხვადასხვა ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილების თემებში.
როგორც გაერო-ს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ლელა ბაქრაძემ აღნიშნა, კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ადრეული ქორწინება ნამდვილად დაკავშირებულია არა ტრადიციებთან ან რომელიმე ეთნიკური ჯგუფებთან, როგორც ადრე იყო მიჩნეული, არამედ ის გავრცელებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორც ქალაქად, ისე სოფლად.
მისი განცხადებით ,,კვლევის შედეგებმა ასევე აჩვენა, რომ არსებობს არასწორი წარმოდგენები ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებით.
კერძოდ, მიიჩნევა, რომ შემთხვევები, როდესაც არ აქვს ადგილი იძულებას და თანხმობა მიღებულია ბავშვისგან, არ უნდა ჩაითვალოს ბავშვთა ასაკში ქორწინებად. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ფაქტები, რომელიც ხელს უწყობს ამ საზიანო პრაქტიკის არსებობას: ეს არის ეკონომიკური ფაქტორები, რომელიც დაკავშირებულია სიდუხჭირესთან, ეკონომიკური შესაძლებლობების ნაკლებობასთან, რომელიც ფაქტობრივად ახალგაზრდებს არ უტოვებს დიდ ალტერნატივას და შესაძლებლობებს, რათა მათ ცხოვრებაში სხვა არჩევანი გააკეთონ. ძალიან მნიშვნელოვანია არსებული გენდერული ნორმები, რომელიც ახალისებს ადრეულ ქორწინებას”, – განაცხადა ბაქრაძემ.
მისივე თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ ადრეული ქორწინების პრაქტიკა მეტწილად არის დამოკიდებული იმაზე, რომ ქვეყანაში ძალიან ფართოდ არის ფესვგადგმული სტერეოტიპული გენდერული ნორმები, რომელიც ადრეული ქორწინების პრაქტიკას ახალისებს.
გარდა ამისა, კვლევამ დაადგინა, რომ ადრეული ქორწინება დაკავშირებულია სწავლა-განათლების შეწყვეტასთან, განსაკუთრებით გოგონების შემთხვევაში.
“ადრეული ქორწინება საფრთხეს უქმნის მოზარდობის ასაკში ორსულობისა და მშობიარობის შემთხვევაში მოზარდი გოგონას ჯანმრთელობას. ის ზღუდავს ადამიანის შესაძლებლობას, სრულად გამოავლინოს პოტენციალი და ადრეული ასაკიდან მოწყვლადს ხდის პიროვნებას. ადრეული ქორწინება უნდა განვიხილოთ ადამიანის უფლებების გენდერული თანასწორობისა და ბავშვთა უფლებების ჭრილში”, – აცხადებს ბაქრაძე.
რაც შეეხება გენიტალიების დასახიჩრების საკითხს, კვლევის ავტორების განცხადებით, გამოკითხვამ აჩვენა, რომ მსგავსი პრაქტიკა აღარ არსებობს ან თუ არსებობს, ძალიან დაფარული ფორმით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები