ავიაკატასტროფას გადარჩენილები Southwest-ის რეისზე გადატანილ კოშმარს იხსენებენ (ფოტო, ვიდეო)
ავარიულად დაშვებული რეისის მგზავრი კორტნი პადილია და მისი ოჯახის წევრები თვითმფრინავის ბორტზე გადატანილ კოშმარს იხსენებენ.
მათი თქმით, ოჯახი დალასიდან ნიუ-იორკში ბრუნდებოდა, როდესაც ფრენისას, აფეთქების ხმა გაისმა. თვითმფრინავმა მკვეთრად დაიწყო სიმაღლის კარგვა და ჟანგბადის ნიღბების გაკეთება გახდა საჭირო. მოგვიანებით მგზავრებმა აღმოაჩინეს, რომ თვითმფრინავის ძრავი ჰაერში აფეთქდა, ხოლო ძრავის ნაწილმა, ბორტის ილუმინატორი ჩატეხა. შედეგად, ილუმინატორთან მჯდომი ერთი მგზავრი ბორტის გარეთ აღმოჩნდა. მისი დაჭერა მგზავრებმა თვითონვე მოახერხეს და კვლავაც თვითმფრინავის სალონში დააბრუნეს, თუმცა ქალი უკვე გარდაცვლილი აღმოჩნდა.
კორტნი პადილია იხსენებს, რომ ჯერ დიდი აფეთქების ხმა გაისმა, შემდეგ ილუმინატორის ფანჯარა გატყდა და ჰაერის ნაკადმა იქვე მჯდომი ქალბატონი, ნაწილობრივ, გარეთ გაიტყორცნა. ის ვარაუდობს, რომ ამ პროცესში ქალმა თავის ტრავმა მიიღო, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია.
არსებული ინფორმაციით, ბორტზე 144 მგზავრი და ეკიპაჟის 5 წევრი იმყოფებოდა. გარდაცვლილია ერთი ქალბატონი, ხოლო 7-მა მგზავრმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინციდენტის გამომწვევი მიზეზების შესწავლა.