„ლევან ტაბიძემ ისე მცემა, მუცელი მომეშალა“ –  კობა ოთანაძის ნათესავი „კვირასთან“ წამების დეტალებზე საუბრობს

„ერთი თვის ორსული ვიყავი, ისე მცემეს, მუცელი მომეშალა. ცხვირი გამიტეხეს. ჩემს ერთი წლის ძმისშვილს შემოიყვანდნენ, ფეხებით დაკიდებდნენ და ატირებდნენ, მაგინებდნენ. ეს ყველაფერი მოდულის შენობაში ხდებოდა. ლევან ტაბიძის გარდა, იქ 25 სპეცნაზელი იყო. ვეღარ ვუძლებდი, პატარა მარიამის ჩხავილს“, – ასე იხსენებს „კვირასთან“ ე.წ. მუხროვანის ამბოხისთვის ძებნილი პირების ნათესავი
ნათია ზარიძე 5 წლის წინ ლევან ტაბიძის მიერ მისი და მისი ოჯახის წევრების წამების დეტალებს.
ზარიძის თქმით, მან 5 წლის შემდეგ ლევან ტაბიძე პროკურატურაში ნახა. ნათია ზარიძე „კვირას“ დეტალურად უყვება, რა მოხდა 2009 წლის მაისში მათ ოჯახში.
„ამდენი წლის შემდეგ პირველად ვნახე ლევან ტაბიძე. მის დანახვაზე საშინელი სტრესი მივიღე. ვინერვიულე, სუნთქვა შემეკვრა, თავბრუ დამეხვა. ამდენი წლების შემდეგ, ამ კაცის დანახვამ ჩემზე ძალიან იმოქმედა. ყველაფერი თავიდან გამახსენდა. რამდენი რამ დავკარგე ამ წლების განმავლობაში. მაშინ ოთხი კვირის ფეხმძიმე ვიყავი, ისე მცემეს, მუცელი მომეშალა. ცხვირი ისე გამიტეხეს, ოპერაცია დამჭირდა. შემოვარდნენ სახლში, მცემეს. ჩემი მეუღლე ჩემი ძმა სასტიკად სცემეს, აბსოლუტურად ჩემი ოჯახის ყველა წევრებს სასტიკად გაუსწორდნენ. მაგინებდნენ, იმ სიტყვებს ვეღარ გავიმეორებ. მემუქრებოდნენ, შუაზე გაგხეთქავთო, რომ ჩემი ერთი წლის ძმისშვილს ფეხებით დაჰკიდებდნენ და მარიამს უპატრონო ბავშვთა სახლში ჩააბარებდნენ. ყვიროდნენ, სად არის კობა ოთანაძეო, მემუქრებოდნენ, რომ ყველაფერს დავკარგავდი, რაც კი ამ ქვეყნად გამაჩნდა.
ბავშვი ფეხებით ეჭირათ და თავდაყირა ჰყავდათ დაკიდებული. მოდულის შენობაში ვიყავი დაკითხვაზე. როგორც კი გავჩერდებოდი, ისევ შემოიყვანდნენ პატარა მარიამს და ფეხით ეჭირათ. მემუქრებოდნენ, ბავშვს ხელს გავუშვებთო. ვეღარ ვუძლებდი ამ ტკივილს, ჩემს ძმისშვილს ასეთ მდგომარეობაში რომ ვხედავდი. არც კი ვიცოდი, რა უნდა მეთქვა, ნამდვილად არ ვიცოდი, სად იყო ბიძაჩემი კობა ოთანაძე“,- ამბობს ნათია ზარიძე.getImage (1)
ამჟამად, დაზარალებულ ნათია ზარიძის ძმისშვილი 5 წლისაა, მას 16 მაისს 6 წელი შეუსრულდება. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ე.წ მუხროვანის ამბოხისთვის ძებნილი ერთ-ერთი პირის კობა ოთანაძის ნათესავების წამების და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ლევან ტაბიძე დააკავა.
„გამოძიების მასალებით, 2009 წლის 20 მაისს, ღამის საათებში, ლევან ტაბიძე და მისი თანხმლები პირები შეიჭრნენ კობა ოთანაძის ნათესავის მურად ზარიძის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც იქ იმყოფებოდნენ: მურად ზარიძის მეუღლე ნათია თვაური, მცირეწლოვანი-ერთი წლის შვილი, მშობლები და დები. ოჯახში შესვლის შემდეგ ლევან ტაბიძემ გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელ ნიღბიან პირებთან ერთად დაიწყო სახლში მყოფი მურად ზარიძის და მისი ოჯახის წევრების უმოწყალო ცემა. კერძოდ, ლევან ტაბიძე მივიდა საწოლში მყოფ მურად ზარიძის მეუღლესთან ნათია თვაურთან, რომელსაც სახეში რამდენიმეჯერ გაარტყა ხელი, ხოლო შემდეგ გადაინაცვლა დასთან – ნათია ზარიძესთან, რომელიც გადმოაგდო საწოლიდან და ძირს დაგდებულს დაუწყო უმოწყალოდ ცემა, რის შემდეგაც გადაინაცვლა სამზარეულო ოთახში, სადაც ამ ყველაფრის შემსწრე მურად ზარიძის დედას რუსიკო ივანიძეს, რომელიც ხმამაღლა ითხოვდა შველას, თავის არეში ძლიერად დაარტყა მუშტი, დააგდო ძირს და კვლავ განაგრძო მისი ცემა, რა დროსაც ლევან ტაბიძე მურად ზარიძის ოჯახის წევრებისგან დაჟინებით მოითხოვდა ძებნილი კობა ოთანაძის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას.
იმის გამო, რომ ლევან ტაბიძემ და მისმა თანხმლებმა პირებმა ძებნილი კობა ოთანაძის ადგილსამყოფელის დადგენის კუთხით სასურველ შედეგს ვერ მიაღწიეს, მურად ზარიძეს და მისი ოჯახის ყველა წევრს, მათ შორის მცირეწლოვან ბავშვს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გადაიყვანეს ე.წ. „მოდულის“ შენობაში“,- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები