ვეფხია ბაქრაძემ თაკო გამრეკელაშვილის მკვლელობამდე, ყოფილი ცოლის მკვლელობა სცადა – „თავი ქვით ჩაუჩეჩქვა“

0

ვეფხია ბაქრაძემ, რომელიც ამჟამად თაკო გამრეკელაშვილის მკვლელობისთვის იძებნება, რამდენიმე თვის წინ ყოფილ მეუღლეს თავში ქვა ჩაარტყა და მის მოკვლასაც ცდილობდა. როგორც გარდაცვლილის ნათესავი აცხადებს, ვეფხია ბაქრაძე, მას შემდეგ, რაც საპატიმრო დატოვა, ყოფილ მეუღლეს შერიგებას სთხოვდა და მას ბათუმშიც ჩააკითხა. ნათია გაბოძე ბათუმის რესტორანში მზარეულად მუშაობდა.
„დაურეკა ნათიას, შემირიგდიო და უარი რომ მიიღო, შვილების მოკვლით დაემუქრა. ფიზიკურ ძალადობაზე რომ გადავიდა, ნათია ქმარს გასცილდა. ქმარი შერიგებას სთხოვდა, მიყვარხარ და შემირიგდიო, მაგრამ ნათია არ ურიგდებოდა. ბათუმში ჩააკითხა ნათიას, სამსახურში, ყვავილები მიუტანა, ზღვაზე გასვლას სთხოვდა, ზღვაზე გავისეირნოთო. უნდოდა, ზღვაში დაეხრჩო. ნათია, რომ არ გაჰყვა, რესტორნის გვერდით ქვით თავი გაუჩეჩქვა“, – აცხადებს გარდაცვლილ თაკო გამრეკელაშვილის ნათესავი ლია იმერლიშვილი.
შეგახსენებთ, რომ 25 წლის თაკო გამრეკელაშვილი გუშინ ბარნოვის ქუჩაზე მამინაცვალმა დანით მოკლა. თაკო გამრეკელაშვილის დედა, ნათია გაბოძე რამდენიმე წლის წინ მეორედ გათხოვდა, მან ოჯახი ვეფხია ბაქრაძესთან ერთად შექმნა. ვეფხია ბაქრაძემ სასჯელაღსრულების სამინისტროს დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა. იგი სასჯელს მეუღლის მიმართ ძალადობის გამო იხდიდა.
არსებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ცოლ-ქმარი – ნათია გაბოძე და ვეფხია ბაქრაძე ოფიციალურად დაშორდნენ, რასაც გაბოძის ყოფილი მეუღლე ქალის შვილს აბრალებდა, რის გამოც ცოლს შვილის მოკვლით ემუქრებოდა.

კომენტარები

კომენტარი