ქართველი პარლამენტარები დამკვირვებლის სტატუსით, აზერბაიჯანში, საპრეზიდენტო არჩევნებზე იმყოფებიან
აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, დღეს საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები, სხვადასხვა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურების მონიტორინგის მიზნით, საარჩევნო პროცესებს აკვირდებიან.
სადამკვირვებლო დელეგაციაში საქართველოს პარლამენტიდან აზერბაიჯანის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგური და ჯგუფის წევრები ბიძინა გეგიძე და სავალან მირზოევი წარმოადგენენ. საარჩევნო პროცესებს საერთაშორისო ორგანიზაციების სახელით, კერძოდ, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციიდან ოთარ დანელია, ხოლო დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის სახელით, გიორგი მოსიძე, გედევან ფოფხაძე და გია ბენაშვილი აკვირდებიან.