ჩამოხიეს თუ არა „ალბატროსში“ ტატუნაშვილის ფოტოები – კომპანიის პიარმენეჯერი უფროსს ადანაშაულებს

კომპანია „ალბატროსის“ პიარმენეჯერი სალომე სარიშვილი ამავე კომპანიის ადმინისტრაციის უფროსს, მადინა თვაურს, არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი პლაკატებისა და ბანერების ჩამოხევაში ადანაშაულებს.
სალომე სარიშვილი „კვირასთან“ საუბარში აცხადებს, რომ მან ტატუნაშვილის ხსოვნის პატივსაცემად, „ალბატროსის“ ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, კომპანიის შენობაში, არჩილ ტატუნაშვილის ფოტოები და წარწერები გამოფინა, თუმცა, რამდენიმე დღეში, ისინი ჩამოხსნილი დახვდა.
სალომე სარიშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც პლაკატების ბედით დაინტერესდა, მას მადინა თვაურის ქმარმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
„ალბატროსის” პიარმენეჯერი ამბობს, რომ მადინა თვაური ეთნიკურად ოსია და მან არჩილ ტატუნაშვილი „პაცანად“ მოიხსენია.
„შაბათს საღამოს, ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, ჩვენი გმირის, არჩილ ტატუნაშვილისადმი მიძღვნილი აქცია გავაკეთე. ამ აქციის ფარგლებში, კომპანიის შენობაში, ფასადებსა და კედლებზე არჩილ ტატუნაშვილის გამოსახულებით პლაკატები და პოსტერები გავაკარი, წარწერით – „დიდება გმირებს“ და ა.შ. დღეს სამსახურში მოვედი და აღნიშნული პლაკატები ჩამოხეული დამხვდა, ამაზე ადმინისტრაციისგან პასუხი მოვითხოვე, სადაც მითხრეს რომ პლაკატები თავისით ჩამოცვივდა, რაც არის ტყუილი, იმიტომ, რომ ისე იყო გაკრული, თავისით ვერანაირად ვერ ჩამოცვივდებოდა, ხელოვნური ჩარევის გარეშე. ამ ყველაფერს ვუკავშირებ კომპანიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მადინა თვაურის განწყობებს, რომელიც ეთნიკურად ოსია. მას შემდეგ, რაც მომხდარზე პასუხი მოვითხოვე, მადინა თვაურის მეუღლემ, რომელიც უსაფრთხოების სამსახურის უფროსია ჩვენს კომპანიაში, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა და პროვოკატორი მეძახა. ეჭვს, რომ პლაკატების ჩამოხსნა მადინა თვაურს უკავშირდება, მიმყარებს ისიც, რომ როდესაც მე მას აქციის გამართვის ინიციატივის შესახებ ვუთხარი, მან არჩილ ტატუნაშვილი „პაცანად“ მოიხსენია. მე მივმართე სამართალდამცველებს, ვუჩივლებ და ისინი დაადგენენ სიმართლეს“, -აცხადებს სალომე სარიშვილი.
სალომე სარიშვილის ბრალდებებს სიცრუეს უწოდებს მადინა თვაური.
როგორც მან „კვირასთან“ საუბარში განაცხადა, ბანერები კუსტარულად იყო გაკრული და თავისით ჩამოცვივდა.
„ალბატროსის“ ადმინისტრაციის უფროსის თქმით, სალომე სარიშვილმა მიზანმიმართულად მოაწყო პროვოკაცია.
„სალომე სარიშვილი მოვიდა და მითხრა, რომ ცუდი არ იქნება, თუ არჩილ ტატუნაშვილის ხსონვისადმი მიძღვნილ აქციაში ჩავერთვებითო, მე რა საკვირველია დავთანხმდი, შეუკვეთა ეს პლაკატები და შემდეგ როგორ დაკიდა, არ ვიცი. არსებობს კამერების ჩანაწერები და იქიდანაც ჩანს, რომ არავის არ ჩამოუხსნია ეს პოსტერები. პლაკატები წესიერად არ იყო გაკრული, ამისი მოწმეა 250 თანამშრომელი, რომლებიც ჩვენს კომპანიაში მუშაობენ. მე არც შაბათს, არც კვირას სამსახურში არ ვყოფილვარ. კვირას დაცვის სამსახურმა დამირეკა და მითხრა, რომ ჩამოცვენილია პლაკატებიო, დამლაგებლებმაც ნახეს და ყველამ ნახა. ეს ქალბატონი არის ინტრიგანი, მისი ბრალდებები არის ცილისწამება და ამ ცილისწამებაზე მას პასუხის გაცემა მოუწევს. ისიც ტყუილია, რომ თითქოს ჩემა მეუღლემ მას შეურაცხყოფა მიაყენა. ეს ქალბატონი მიხვდა, რომ ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა, სათანადოდ ვერ გააკრა პლაკატები და იცოდა, რომ საყვედურს მიიღებდა. თვითონ ატეხა ისტერიკა პროვოკაციის მიზნით, რაც შეეხება იმ ბრალდებას, რომ მე ოსი ვარ და იმიტომ ვიზამდი ამას, მინდა გითხრათ, რომ თვითონ სალომე სარიშვილს შეყვარებული ჰყავს ოსი. ცილისწამებაა ისიც, რომ თითქოს მე არჩილ ტატუნაშვილი ნეგატიურად მოვიხსენიე, მინდა გითხრათ, რომ ჩემი მეუღლე პირადად იცნობდა არჩილ ტატუნაშვილს, პანაშვიდზეც იყო და ძალიან ახლობლობდა ტატუნაშვილის ოჯახთან“, -აცხადებს მადინა თვაური.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები