„წლის დასაწყისიდან მშპ-ის და მიმდინარე ანგარიშის პოზიტიური დინამიკა საქართველოს მთავრობის მიერ 2017 წელს დაწყებულმა ფისკალურმა რეფორმებმა განაპირობა“

2018 წელი მნიშვნელოვანი დადებითი დინამიკით ხასიათდება, რასაც წლის დასაწყისიდან დაფიქსირებული მაკროეკონომიკური პარამეტრები ადასტურებს,-აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.

წინასწარი შეფასებით, 2018 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 5.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარ-თებერვლის ზრდა 4.9%-ია. ასევე, მნიშნელოვანია, რომ 2017 წლის ეკონომიკური ზრდა 4,8 პროცენტიდან 5,0 პროცენტზე დაზუსტდა.

პოზიტიურია საგადასახადო შემოსავლების ტენდენცია – 2018 წლის პირველი კვარტლის წინასწარი მონაცემებით, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები დაგეგმილთან შედარებით 100 მილიონ ლარზე მეტით გადაჭარბდა;

განსაკუთრებით აღსანიშნავია ის პროგრესი, რომელიც დაფიქსირდა მიმდინარე ანგარიშის ბალანსში. 2017 წელს დეფიციტმა მშპ-სთან მიმართებაში 8,7 პროცენტი შეადგინა, მნიშვნელოვნად ნაკლები ვიდრე 2016 წელს – 12,8%, რაც ცალსახად ფისკალური რეფორმების წარმატების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დადასტურებაა.

მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2017 წელს წინა წელთან მიმართებაში მშპ-ს 4,2 პროცენტით გაუმჯობესდა. მნიშვნელოვანია, რომ გაუმჯობესებაში 4,0-პროცენტიანი წვლილი სავაჭრო ბალანსს უჭირავს (მათ შორის საქონლით სავაჭრო ბალანსი 1,6, ხოლო მომსახურების ბალანსი 2,4 პროცენტით გაუმჯობესდა). სავაჭრო დეფიციტი 15,6 პროცენტიდან 11,7 პროცენტამდე შემცირდა;

სწრაფი ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს ექსპორტი, რომელიც იანვარ-თებერვალში 25,5 პროცენტით გაიზარდა;

აღსანიშნავია, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის და მიმდინარე ანგარიშის პოზიტიური დინამიკა განაპირობა საქართველოს მთავრობის მიერ 2017 წელს დაწყებულმა ფისკალურმა რეფორმებმა და იმ ინიციატივებმა, რომელიც 2018 წელს დაანონსდა  და რომლის განხორციელება აქტიური ტემპებით მიმდინარეობს.

აღნიშნული რეფორმის წარმატებული განვითარება იქნება იმის გარანტი, რომ პოზიტიური დინამიკა გაგრძელდება მომავალ წლებში და გამოიხატება, როგორც ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაში, ისე მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები