„ნატოს სამიტი შესაფერისი მომენტი იქნება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაღრმავებისთვის“
მივიჩნევთ, რომ ნატოს მომავალი სამიტი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაღრმავებისთვის შესაფერისი მომენტი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ბრიტანელ კოლეგა უილიამ ჰეიგისთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ჯერ კიდევ 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე ნატომ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი და დადგა დრო, გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები ალიანსის ამ გადაწყვეტილების განსახორციელებლად.
“საქართველომ მკაფიოდ აჩვენა ის პროგრესი, რაც ნატოს ასპირანტ ქვეყანას მოეთხოვება და, შესაბამისად, გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენს მიერ მიღწეული პროგრესი ადეკვატურად შეფასდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მომავალ სამიტზე, უელსში. ჯერ კიდევ 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე ნატომ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი.
ვფიქრობთ, დადგა დრო, გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები ალიანსის ამ გადაწყვეტილების განსახორციელებლად. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბრიტანეთის მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კონტექტსში, ვინაიდან ბრიტანეთი ნატოს მომავალი სამიტის მასპინძელი ქვეყანაა და მივიჩნევთ, რომ სწორედ ეს სამიტი იქნება შესაფერისი მომენტი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაღრმავებისთვის”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
მისივე განმარტებით, საქართველოს სურს იყოს საერთაშორისო უსაფრთხოების არა მხოლოდ ბენეფიციარი, არამედ აქტიური კონტრიბუტორიც.
“ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ საქარველოს მზადყოფნა, აქტიურად ჩავერთოთ ევროკავშირის ეგიდით დაგეგმილ სამშვიდობო მისიებში. როგორც მოგეხსენებათ, ქართველი ჯარისკაცები მონაწილეობას მიიღებენ სამშვიდობო მისიაში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. ჩვენი ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს სურს იყოს საერთაშორისო უსაფრთხოების არა მხოლოდ ბენეფიციარი, არამედ აქტიური კონტრიბუტორიც”, – აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.