მარიამ ჯაში: საქართველოს ორი ძლიერი მოკავშირე გვყავს ინოვაციური დაფინანსების საკითხებში – საფრანგეთი და გერმანია

მარიამ ჯაშმა, ინოვაციური დაფინანსების სამდივნოს პრეზიდენტის რანგში, გაეროს მხარდაჭერით სამუშაო შეხვედრა გამართა გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურ სამინისტროში.
შეხვედრაზე განიხილეს 23-26 აპრილს გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს (ECOSOC) გლობალური ფორუმის ფარგლებში გერმანიის, საფრანგეთისა და საქართველოს ერთობლივი მხარდაჭერით დაგეგმილი მაღალი დონის შეხვედრის პროგრამა, რომელიც ეძღვნება ინოვაციური დაფინანსების მნიშვნელობას გაეროს 2030 მდგრადი განვითარების მიზნების წარმატებით განხორციელების გზაზე. ნიუ იორკის შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გამახვილდება ინოვაციური დაფინანსების წარმატებულ მაგალითებზე გარემოს დაცვის მიმართულებით, მათ შორის ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და კერძო სადაზღვევო სქემებში კომერციული და სოციალური ინტერესების ინტეგრაციის მნიშვნელობაზე.

ბერლინში გამართულ შეხვედრაზე ასევე განიხილეს 2018 წლის ივლისში თბილისში დაგეგმილი სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების რიგით მეორე საერთაშორისო ფორუმის პროგრამა და რეკომენდაციები, რომელიც საქართველომ გლობალური სამდივნოს პრეზიდენტობის პერიოდში უნდა შესთავაზოს საერთაშორისო თანამეგობრობას.

“ინოვაციური დაფინანსება არის გაეროს 2030 პროგრამის წარმატებისათვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პლატფორმა და გერმანიის შესაძლო თანადგომა, როგორც ექსპერტული ცოდნით, ასევე კონკრეტული, წარმატებული პროექტების მაგალითებით, გაეროს სხვა წევრი-სახელმწიფოებისთვის გახდება განსაკუთრებით საყურადღებო. ნიუ-იორკის და თბილისის შეხვედრებით ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ უფრო მეტად გავაქტიუროთ საერთაშორისო თანამეგობრობა ინოვაციური დაფინანსების გარშემო და შესაბამისად, ხელი შევუწყოთ მსოფლიოში ჰუმანიტარული და განვითარებითი პროგრამებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი რესურსების შექმნას. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ინოვაციურ დაფინანსების საკითხებში, საქართველოს ორი ძლიერი მოკავშირე გვყავს – საფრანგეთი და გერმანია” – აღნიშნავს მარიამ ჯაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები