ზაზა ხუციშვილი: გივი თარგამაძის მიზანია საზოგადოება მოქმედი ხელისუფლების მიმართ უარყოფითად განაწყონ

“პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ორივე ფრთის დღის წესრიგში დგას, რომ საზოგადოება მოქმედი ხელისუფლების მიმართ უარყოფითად განაწყონ“,-ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა ხუციშვილი „პირველთან“ საუბარში „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრის გივი თარგამაძის დღევანდელ  განცხადებას.

როგორც უმრავლესობის წევრი ამბობს, „საზოგადოებამ კარგად იცის თუ როგორ მოვიდა გივი თარგამაძე პოლიტიკაში“.

 „პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“  ორივე ფრთის დღის წესრიგი არის ის, რომ საზოგადოება  უარყოფითად განაწყონ მოქმედი ხელისუფლების მიმართ.  ყველაფერს აკეთებენ ამისთვის, მათ შორის იგონებენ უამრავ რამეს, რაც შემდეგ მტკიცდება, რომ არ არის სწორი. ბატონ თარგამაძეს რაც შეეხება, ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის როგორ მოვიდა ის პოლიტიკაში და  ხელისუფლებაში. რა გააჩნდა მას და მის ძმას, რამდენი შპს ჰქონდათ, სწორედ გზების მიმართულებით, დაახლოებით 20 შპს ჰქონდათ თუ არ ვცდები და ექსკლუზიურად იგებდნენ ყველა ტენდერს. ეტყობა ახლა ის დრო ენატრებათ.  ეტყობა შემოაკლდათ იქიდან რაღაც. ახლა ყველაფერი გამჭვირვალედ ხდება.  საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივით  პირველ ათეულში არის,  ეს უკვე მიანიშნებს იმაზე, რომ  აქ ბიზნესმენებს თანაბარი პირობები აქვთ შექმნილი.  „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ ეგუება იმას, რომ როგორც ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, ასევე კორუფციის ინდექსით,  ასევე სასამართლოს და მასმედიის თავისუფლებით იდეალურს ვერ დავაქმევდი, მაგრამ  ბევრად გაუმჯობესებულია ვითარება, ვიდრე მათ დროს“,- უთხრა „პირველს“ ზაზა ხუციშვილმა.

“ევროპული საქართველოს” წევრი გივი თარგამაძე საავტომობილო გზების დეპარტამენტს კორუფციულ საქმიანობაში ადანაშაულებს. როგორც გივი თარგამაძემ განაცხადა, კორუფციული გარიგებები ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის ხელშია. მისი თქმით, ერთ-ერთი მსხვილი კორუფციული სქემა გზის მშენებლობისა და საფარის დაგებას ეხება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები