მამუკა სალუქვაძე: „სითი ინსტიტუტმა“ ძალიან რთულ ვითარებაში გამართული დოკუმენტი დადო

„სითი ინსტიტუტმა“ ძალიან რთულ ვითარებაში, ძალიან რთული ქალაქისთვის, ძალიან გამართული დოკუმენტი დადო და არ მიმაჩნია, რომ „სითი ინსტიტუტს“ თითი უნდა უქნიონ – ამის შესახებ ორგანიზაცია „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ განცხადა.

მისი თქმით, დოკუმენტი აკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნილებებს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა.

სალუქვაძე თბილისის მერ კახა კალაძის ბრალდებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „სითი ინსტიტუტს“ შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია.

„შეურაცხმყოფელი იყო ის, რაც დავინახეთ – პატარა ბავშვებივით დასვეს ძალიან მხცოვანი და ძალიან გამოცდილი არქიტექტორები და თითი უქნიეს. იმ ჯგუფისგან, რომელმაც შეიმუშავა მიწათსარგებლობის გეგმა, თბილისის მერიას პრეზენტაცია არ მოუსმენია. ჩვენ შევხვდით მათ, გვთხოვეს ჩვენი უცხოელი პარტნიორების ჩამოყვანა. ჩვენი უცხოელი პარტნიორები ჩამოვიდნენ, მოაწყვეს პრეზენტაცია და იქ არ იყო მერიის არცერთი წარმომადგენელი. რატომ არ ვესწრებით? იმიტომ, რომ არ დაგვპატიჟეს. რატომ არ ვიყავით ერთ-ერთ შეხვედრაზე, რომელიც პარასკევს გაიმართა? იმიტომ, რომ არ დაგვპატიჟეს“, – განაცხადა მამუკა სალუქვაძემ.

„სითი ინსტიტუტის“ დირექტორის თქმით, „სითი ინსტიტუტს“ მოლოდინი არ აქვს, რომ გენგეგმას თბილისის მერია ჩაიბარებს.

„აქეთკენ მიდის სიტუაცია, ჩვენდა სამწუხაროდ. ქალაქს აკლდება ბევრი წელი ისევ. ქალაქი იქნება გენგეგმის გარეშე, გეგმური განვითარების გარეშე და ეს ცალკეული პროექტებით მოხდება. ხშირ შემთხვევაში, არასწორი პროექტებით მოხდება მისი მართვა და მისი განვითარება. ეს რა შედეგებამდე მიგვიყვანს, აქამდეც ვხედავდით და კიდევ უფრო დავრწმუნდებით“, – განაცხადა სალუქვაძემ.

მამუკა სალუქვაძე აცხადებს, რომ თუ მერია არ ჩაიბარებს დოკუმენტს, იქნება სასამართლო დავაც.

მისივე განცხადებით, ხვალ ეროვნულ ბიბლიოთეკაში გენგეგმის პრეზენტაცია გაიმართება, სადაც კარი ყველა იმ ადამიანისთვის იქნება ღია, ვისაც გარკვეული აზრი აქვს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები