ისრაელის პრემიერ-მინისტრი და მისი ოჯახის წევრები პოლიციამ დაკითხა
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, მისი მეუღლე და შვილი სამართალდამცველებმა, ისრაელის სატელეკომუნიკაციო კომპანიის, “Bezeq”-ის ირგვლივ განვითარებულ კორუფციულ საქმესთან დაკავშირებით დაკითხეს.
როგორც ცნობილია, კორუფციის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება, უშუალოდ ნეთანიაჰუსა და “Bezeq”-ის საკონტროლო წილის მფლობელს შოლ ელოვიჩს ეხება.
პოლიციის ინფორმაციით, სარა ნეთანიაჰუ ელოვიჩს დაუკავშირდა და მისი დახმარებით, ინტერნეტ გამოცემა “Walla”-ს მეშვეობით, ხელსაყრელი ინფორმაციის გაშუქება შეძლო.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ “ეს არის კიდევ ერთი ყალბი ნაბიჯი, რომელიც მიზნად ისახავს პრემიერ-მინისტრსა და მის მეუღლეზე ზიანის მიყენებას”.