ავსტრალია ქვეყნიდან ორ რუს დიპლომატს გააძევებს
ავსტალია ქვეყნიდან ორ რუს დიპლომატს გააძევებს, მიზეზად ინგლისის ქალაქ სოლსბერიში სერგეი სკრიპალის მოწამვლის საკითხი გახდა, – ამის შესახებ ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„გაერთიანებულ სამეფოსთან და სხვა პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად, ავსტრალიამ სოლსბერიში მომწამვლელი ნივთიერების გამოყენებასთან დაკაშირებით ზომები მიიღო. ორი რუსი დიპლომატი, იდენტიფიცირებული, როგორც დაზვერვის საიდუმლო თანამშრომლები, მათ სტატუსის შესაბამისად და ვენის კონვენციის თანახმად, ავსტრალიას შვიდი დღის განმავლობაში დატოვებენ“, – ნათქვამია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ გუშინ რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო აშშ-მა, კანადამ, უკრაინამ და ასევე ევროკავშირის 14-მა წევრმა ქვეყანამ. სულ სამშობლოში დაბრუნება 100 რუს დიპლომატს მოუწევს.
ცნობისათვის, ყოფილი ორმაგი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი 33 წლის შვილი იულია, ინგლისის ქალაქ სოლსბერიში უგონო მდგომარეობაში 4 მარტს იპოვეს. დიდი ბრიტანეთი მომხდარში რუსეთს ადანაშაულებს.